ფოთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკა ბესელიას განცხადებით, გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აქცენტი არა მის შინაარსობრივ მხარეზე არამედ, იმაზე უნდა გაკეთდეს, თუ რის საფუძველზე ხორციელდება ვიდეო კონტროლი და ოთახებში მოსასმენი აპარატების დამონტაჟება.
ბესელია გამოქვეყნებულ ჩანაწერებს სრულ ფაბრიკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი მეთოდებით ქმედება, როგორც საქართველოს კონსტიტუციით ისე ევროპული კონვენციით აკრძალულია.
„აქ უნდა დაისვას კითხვა, თუ რის საფუძველზე ხორციელდება ვიდეო კონტროლი და ოთახებში მოსასმენი აპარატების დამონტაჟება. სად არის სასამართლოს ბრძანება და ვინ აკეთებს ამას? თუ არის მოსამართლის ბრძანება, მაშ, რის საფუძველზე არის შედგენილი ეს სამართლებრივი დოკუმენტი? მიხეილ სააკაშვილმა ამაზე უნდა გასცეს პასუხი. ნებისმიერ ქვეყანაში, მას იმიტომ გადააყენებდნენ თანამდებობიდან, რომ ადამიანებს უკვე ტოტალურად უსმენს.
შინაარსობრივ მხარეზე ნუ ვისაუბრებთ, რომელიც სრული ფაბრიკაციაა. ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გაყალბება ძალიან მარტივად ხდება და შესაძლებელია. ვისაუბროთ იმაზე, თუ რის საფუძველზე, რატომ და როგორ ბედავს ამას ხელისუფლება, რომ კონსტიტუციას არღვევს, აკრძალულ მეთოდებს იყენებს, რაც ევროპული კონვენციით და საქართველოს კონსტიტუციით, მსგავსი მოსმენები და ჩანაწერების გაკეთება, თუ მოსამართლის ბრძანება არაა აკრძალულია. უმჯობესია სააკაშვილმა პასუხი ამაზე გასცეს“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმითვე, მისთვის ივანიშვილის დაცვის სურმავას ნათქვამი, რომ თითქოს მას ვინმეს მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა სარწმუნო არაა.