"თავისუფალი საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ოთარ ჭითანავამ და ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიაზ ბოლქვაძემ კანდიდატურა „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სასარგებლოდ მოხსენს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჭითანავამ განაცხადა მან კანდიდატურა ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მოხსნა და თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ პირველ ოქტომბერს აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ირაკლი ალასანიას.
მან ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და სხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რომ მიბაძონ მას და კანდიდატურა ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მოხსნან.
რაც შეეხება ნიაზ ბოლქვაძეს, მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის ხმების გაყოფას არ დაუშვებს, რის გამოც კანდიდატურა ფატი ხალვაშის სასარგებლოდ მოხსნა.
"მიუხედავად იმისა, რომ მე კონკურენტუნარიანი კანდიდატი ვარ, იმ დიდი მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც ქობულეთის მოსახლეობაში ვგრძნობ, რასაც ჩემს მხარდასაჭერად ქალაქ ქობულეთის მოწინავე ინტელიგენციის ხელმოწერებიც მოწმობს, ასეთ დროს მე ვასრულებ ჩემს სიტყვას, არ დავუშვა ხმების გაყოფა და ვხსნი ჩემს კანდიდატურას "ქართული ოცნების" ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის სასარგებლოდ. ამავე დროს შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქალბატონ ფატი ხალვაშს. ჩემთვის ეროვნული ინტერესები ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგა, ამიტომ იმედი მაქვს ჩემი მხარდამჭერები ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჯს სწორად შეაფასებენ", - აღნიშნა ნიაზ ბოლქვაძემ.