საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა.
სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცენტრის გახსნის იდეა რამდენიმე ხნის წინ, გლდანის დათვალიერებისას გაუჩნა, ვინაიდან უმუშევრობის პრობლემის დაძლევის ეფექტურ საშუალება სწორედ მსგავსი დაწესებულებების შექმნაა.
„სახელმწიფომ უარი თქვა ძველი პროფტექნიკუმების სისტემაზე და პროფესიული გადამზადების 20-მდე ცენტრი ჩამოაყალიბა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
„ეს მართლაც, ძალიან დიდი გარღვევაა უმუშევრობის კუთხით, მაგრამ იმის ფილოსოფია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ ცენტრის მიღმაც მიდის. ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში ყველაფერს ერთი და იგივე ადამიანები წყვეტდნენ და ყველა პრივილეგიით სარგებლობდნენ. ეს იყო საქართველოს მართვის ფილოსოფია, ამის აღდგენას ცდილობენ დღეს და ამიტომ ვაღიზიანებთ ყველაზე მეტად“, -განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მან და მისმა მთავრობამ ქვეყანაში თანასწორობის იდეა შეიტანა და თბილისში მეორეხარისხოვანი და „დასაცინი უბნები“ აღარ არსებობს.