იუსტიციის სახლთან მოშიმშილე ახალგაზრდებმა შიმშილობა შეწყვიტეს

იუსტიციის სახლთან მოშიმშილე ახალგაზრდებმა შიმშილობა შეწყვიტეს

იუსტიციის სახლთან მოშიმშილე ახალგაზრდები დღეიდან შიმშილობის აქციას წყვეტენ. ამის შესახებ საგანგებო განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა უჩა კანდელაკმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლას გეგმავენ.

მისი თქმით, მოშიმშილეები სტუდენტების მიმდინარე აქციებს შეუერთდებიან და მათ პროტესტს ამგვარად გამოხატავენ.

„ჩვენს შიმშილობას ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გასული დღეების განმავლობაში დააკავეს კოალიციის 250-300 მხარდამჭერი, ამით მოხდა მათი პოლიტიკური ცხოვრებისგან განეიტრალება, ამიტომ საჭირო გახდა ჩვენგან უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლა. ვუერთდებით აქციებს და ახალგაზრდულ მოძრაობებს", - განაცხადა უჩა კანდელაკმა.

კანდელაკის განცხადებით, ისინი სტუდენტების აქციებზე მოითხოვენ დაპატიმრებული ლაშა მესხიასა და დავით ფაცაციას გათავისუფლებას.

იუსტიციის სახლთან ახალგაზრდები მეოთხე დღეა შიმშილობდნენ. მათთან ერთად შიმშილობდა მწერალი ირაკლი ლომოური და მისი მეგობარიც. მათ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ თავისი ნივთები აალაგეს და ტერიტორია დაასუფთავეს.