საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება. ამასთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს.
განაცხადებაში ნათქვამია, საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევებმა. მათი ცნობით, ცალკეული პირების მიერ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობა და ამასთან, დაკავებისა და შემდგომ ეტაპზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებები ეჭვს აჩენს, რომ მათ მიმართ გამოყენებულ ღონისძიებს პოლიტიკურ მოტივაცია აქვს.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
საია ეხმაურება ბოლო დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული წესით ინტენსიური დაკავების შემთხვევებს და მიუთითებს, რომ ცალკეული პირების ვინაობა და სტატუსი, მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობა და ამასთან, დაკავებისა და შემდგომ ეტაპზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას გამოვლენილი გარემოებები, აჩენს ეჭვებს მათ მიმართ გამოყენებული ღონისძიების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით.
საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევებმა. სხვადასხვა წყაროში, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, ბოლო დღეებში (21 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში) პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მოტივით, ადმინისტრაციული წესით დაკავების 23 შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავებულთა ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი ან/და მასთან დაკავშირებული პირია, მათ შორის: 21 სექტემბერს დაკავებული დაცვით ფაცაცია და 23 სექტემბერს დაკავებული კახაბერ ჟორჟოლიანი. ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებული პირების „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი საიას დაუდასტურა კოალიციის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავებულები კოალიციის კოორდინატორები და მობილური ჯგუფების წევრები არიან. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართული პირები, კერძოდ, 22 სექტემბერს დაკავებული დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი, რომელთა ინტერესებს სასამართლოში საიას წარმომადგენელი იცავდა.
შსს–ს მიერ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იდენტურ გარემოებებში, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფის მიყენების მოტივით პირთა დაკავების შესახებ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებდა, რომ გარკვეული პირების მხრიდან, ერთ კონკრეტულ დღეს, ადგილი ჰქონდა, ანალოგიურ გარემოებებში ერთი და იგივე სამართალდარღვევის ჩადენას, კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე პოლიციის რეაგირების შემდეგ, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. დროის მცირე მონაკვეთში, გარემოებებისა და დარღვევის ხასიათის არსებითი დამთხვევები ქმნის ეჭვებს გავრცელებული ფაქტებისა და პოლიციის მიერ გამოყენებული ზომების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საიასთან დაადასტურა, რომ აღნიშნული საფუძვლით, 23 სექტემბერს, დაკავებულ იქნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საია ბოლო ერთი წლის განმავლობაში უთითებდა და კვლავაც იმეორებს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის არსებული ფორმით მოქმედება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა გარანტიას. ამასთან, როგორც გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა, ისე ამ მიმართულებით სასამართლოების მიერ განვითარებული არაჯანსაღი პრაქტიკა, ადმინისტრაციული პატიმრობის მექანიზმს სამართალდამცავი ორგანოების ხელში არსებულ შეუზღუდავ ძალაუფლებად აქცევს.
განსაკუთრებულად სახიფათოა ის გარემოება, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ ასრულებს მაკონტროლებლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტის ფუნქციას. უფრო მეტიც, სასამართლო ძალოვანი უწყებების მიმართ გამოვლენილი სრულიად დაუსაბუთებელი ნდობითა და ლოიალურობით, აფერხებს მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებას, რაც პრაქტიკულად უკონტროლოსა და თვითნებურს ხდის ადმინისტრაციული წესით პირთა დასჯის შემთხვევებს. აღნიშნული თავისთავად ცხადია, ვერ ქმნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმის პოლიტიკური ნიშნით გამოყენების პრევენციასაც.
ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, სასამართლოების მიერ არჩეული ფორმალური და პასიური როლი ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეების განხილვაში. საქმეთა იმ ნაწილში, რომელშიც პასუხისგებაში მიცემული პირის ინტერესებს საიას წარმომადგენელი იცავდა, დამატებით დაფიქსირდა სასამართლოების მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევები, რამაც დაცვის უფლების უხეში დარღვევა გამოიწვია. საია დაცვის უფლებას ახორციელებდა დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და კახაბერ ჟორჟოლიანის საქმეებზე. არც ერთ ამ საქმეში სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწინააღმდეგე მხარისთვის შეკითხვების დასმის უფლება, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდვა დაცვის უფლების განხორციელება. ამ საქმეებში, მოწმის სახით პოლიციელის დაკითხვის გარდა, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ იქნა დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სასამართლომ ასევე უარი განაცხადა შემთხვევის ადგილას არსებული და სავარაუდოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულების შემცველი, ვიდეო ფირებისა და სხვა ტიპის ჩანაწერების ამოღებასა და განხილვაზე. ამგვარ ქმედებებთან ერთად, სასამართლოს მიერ გამოვლენილმა პასიურობამ პოლიციელების მხრიდან დაფიქსირებულ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამობებზე, კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები, ამ საქმეებში, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მოტივაციასა და ინტერესზე.
არსებული ვითარებისა და იმ რისკის გათვალისწინებით, რაც ადმინისტრაციული პატიმრობის პოლიტიკური მოტივაციით გამოყენების შესაძლებლობას უკავშირდება, საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას უარი თქვან, ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მყოფი მექანიზმის გამოყენებაზე. ამასთან, საია განსაკუთრებულად მიმართავს სასამართლო ხელისუფლებას და მოუწოდებს მას, არ დაუშვას პირის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი და უკანონო აღკვეთა და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი განხილვა სრული ნეიტრალიტეტის საფუძველზე.