მწერალი დათო ტურაშვილი „რუსთავი 2“-ს გადაცემა „შუა დღის“ ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ ამბების შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა და გამაღიზიანებელი და შეურაცმყოფელია ის ფაქტი, რომ ახლა ისინი სინანულის ნაცვლად დანაშაულის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
„ვგიჟდები, მარტო ბაჩო ახალაიას დასჯას რომ ითხოვენ, ეს არ არის საკმარისი. საქმის აღძრას იმსახურებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ევალებოდა ამის გამო რეაქცია ჰქონოდა. პარლამენტში არის 150 დეპუტატი. ჩვენ ვიცით მაქსიმუმ 20, რომლებიც თავის მოვალეობას აღასრულებს ანუ იღებს საკანონმდებლო მოქმედებაში მონაწილეობას. დეპუტატების ძირითადი ნაწილი ჩვენი ფულით არსებობს და არაფერს არ აკეთებს. მათ ჰქონდათ საშუალება რამდენჯერმე, რომ ომბუდსმენისგან ოფიციალური მონაცემები მოესმინათ პატიმრების წამების და წამებით დახოცილი ადამიანების შესახებ. ჩემი ფულით, რომ ცხოვრობ ამდენი წელი და რეაქციაც არ გაქვს, სახლში რომ წახვალ, გადაბრუნდები და დაიძინებ, რომ იცი, რომ 20 წლის ბიჭს წამებით კლავენ ციხეში, არ მესმის როგორ ითხოვ კიდევ, რომ ხმა მოგცეთ ჩვენ?! ეს ჩემთვის სრულიად გამაოგნებელია" -განაცხადა ტურაშვილმა და დასძინა, რომ მას არაერთხელ მოუწოდებია ხელისუფლებაში ნაცნობებისთვის, რომ პატიმრებისთვის მიეხედათ.
მწერალი მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო და ღიად აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ხმა ისევ გამყალბებლებს არ უნდა მისცეს, რადგან „მთავარი ფასეულობა, არის ადამიანი და არა ასფალტი“.
„ერთხელ მაინც გამოვიჩინოთ გონიერება და გავაკეთოთ მარტივი არჩევანი, არ მივცეთ ხმა მანიაკებს, მკვლელებს, იდიოტებს, უწიგნურებს, გაუნათლებლებს, ავადმყოფებს, აფერისტებს, ცნობილ გამყალბებლებს, რომლებიც თავიდან შეიყვანეს სიებში, 20-ზე მეტი წელია ხელისუფლებაში არიან, გაყალბების მეტს არაფერს აკეთებენ და კიდევ უნდათ რომ ხმა მივცეთ..." -განაცხადა დათო ტურაშვილმა.