საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საკუთარი არჩევანის შეუფერხებლად და მშვიდ გარემოში გასაკეთებლად ყველა ზომა მიიღო.
კონკრეტულად, კალანდაძის თქმით, ყველა პირობაა უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ საელჩოებსა და საკონსულოებში არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად განხორციელდეს. სულ, საზღვარგარეთ 45 საარჩევნო უბანია გახსნილი.
კალანდაძის განცხადებით, ყველაზე დიდი რაოდენობით უბნები იქ გაიხსნა, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა.
კერძოდ, ყველაზე ბევრი, 4 საარჩევნო უბანი საბერძნეთში - სალონიკსა და ათენში გაიხსნა, 3 უბანი გაიხსნა თურქეთში - ანკარაში, ტრაპზონსა და სტამბოლში, ასევე, 3 უბანი გაიხსნა უკრაინაში - კიევში, ოდესასა და დონეცკში და ორ-ორი აშშ-სა და ესპანეთში, კერძოდ, ვანშინგტონშ, ნიუ-იორკში, მადრიდსა და ბარსელონაში.