მაია ფანჯიკიძე: ცესკოს გადაწყვეტილება ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის შიშით არის გამოწვეული

მაია ფანჯიკიძე: ცესკოს გადაწყვეტილება ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის შიშით არის გამოწვეული

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ვიდეო გადაღებას უშვებს.

ფანჯიკიძის განცხადებით, ცესკო, რომელსაც ამ პუნქტის გადახედვა ჰქონდა მიზნად, არ მიეცა საშუალება დადგენილების ეს პუნქტი შეეცვალა.

„დადგენილება ვერ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე კანონია, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე გასაგებია ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ პუნქტის შეცვლას რატომაც გეგმავს და რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურის გადაღების საშუალება არავის მიეცეს. ეს გამოწვეულია მხოლოდ ერთი რამით, მათ გამჭვირვალობის ეშინიათ და რასაკვირველია, ეს არის საუკეთესო საფუძველი იმისთვის, რომ ხმების გაყალბება უფრო იოლად მოხდეს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, კოალიციამ წარმოადგინა დადგენილების პროექტი, რომელშიც ასახულია თუ როგორ შეიძლება განხორციელებს მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი ისე, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურას ხელი არ შეეშალოს.

ფანჯიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ზეწოლის შედეგად ცესკო და მის კომისიაში შემავალი წევრები კეთილგონიერებას გამოიჩენენ და არ დაუშვებენ იმას, რომ 1 ოქტომბერს ხმის მიცემის პროცედურა გამჭვირვალე არ იყოს.

„ამაზე ბევრად არის დამოკიდებული არჩევნების ლეგიტიმურობა, მისი სამართლიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.