საქართველოს უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, მას ნანახი აქვს სქემა, რომლის მიხედვით, ხელისუფლებას კოალიცია “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო გეგმა ჰქონდა შემუშავებული.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროზე" გადაცემაში "შალვა რამიშვილის დილა" განაცხადა. მისი თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს "ქართულ ოცნებაში" ფული ქურდებს უნდა შეეტანათ.
„სქემა ასეთი იყო: თავში კრემლი, კრემლის ქვეშ ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს კი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულები ესპანეთში, უკრაინაში, ჩეხეთში. ესენი ყიდიან ნარკოტიკს, კლავენ ხალხს, ეწევიან ტრეფიკინგს, იღებენ ფულს და ამ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას". ეს დაგეგმეს, დაწერეს, სქემა მაქვს ნანახი და ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დავით ჭაკუამ შესწირა მათ ფული. ანუ ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი ის, რასაც ისინი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ გეგმავდნენ, თვითონ გააკეთეს. ამდენად, კომპრომატის მამა საკუთარი კომპრომატითვე იქნა განგმირული", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კეთილგონიერება თუ არ ეყო, ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებზე დაკარგავს და ვერც მეორე საპრეზიდენტო ვადას მიიყვანს ბოლომდე. მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმი დამთავრებულია და აღნიშნა, რომ ეხლა აუცილებელია მათგან განსხვავებულად იმოქმედონ.
„ვიყოთ ღირსეული, საკუთარი თავის პატივმცემელი, მშვიდი და ეს გამოწვევა ღირსეულად ჩავაბაროთ ისტორიას", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.