„მე ისე არ წავალ პოლიტიკიდან, რომ ლაზიკა შავიზღვისპირეთის ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი არ იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მის ოპონენტებს დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვს და აღნიშნა, რომ სწორედ ეს წარმოადგენს მათ საარჩევნო პროგრამას.
„მათ არ მოწონთ ანაკლია, ჩვენი იუსტიციის სახლები, ხიდები, უნდათ ქუთაისში პარლამენტის გაუქმება. დაწვებიან, მაგრამ არ აგვაშენებინებენ, თავის ჭკუით, ლაზიკას - ეს არის მათი პროგრამა. ჩვენი პროგრამა კი არის აღმშენებლობის", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმითვე, მის ოპონენტებს ზუსტად 8 დღეში "ძალიან დიდი იმედგაცრუება ელით.
„ახლა მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც ხელებს იფხანდა და ვინც უკვე დაიწყო კანონიერი ქურდების მობილიზაცია, სიების შედგენა, ჩვენი მასწავლებლების დაჭერა განუზრახია, ამ გოგონას ნაცვლას [ეკა ზღულაძე] შინაგან საქმეთა მინისტრად უნდოდა თურმე თამაზ თამაზაშვილი...…თამაზ თამაზაშვილს, ქურდებს უნდა ვენდოთ თუ გიორგი ტუღუშს, ვანო მერაბიშვილს თუ ეკა ზღულაძეს? მათ ჰქონდათ უკვე ყველაფერი გარკვეული, ეს დიდი ხნის შეთქმულება იყო, ასევე ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების გამო. გახსოვთ, გუშინ რა გითხრეს აქ, შეგახსნებთ, თქვენ არ ყოფილხართ, მაგრამ გეტყვით, რა უთხრეს ხალხს - ჩვენ არ გვქონდა სამეგრელოში მხარდაჭერაო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, იმ კაცს, ვინც მითხრა, რომ არ გვაქვს სამეგრელოში მხარდაჭერაო, ვუთხარიო, რომ ჩვენ ისეთი რამე გვაქვსო, რომ აუცილებლად ყველაფერი აქეთ შემობრუნდებაო. მთელი ეს თვეები იცოდნენ, რომ მათ თვალწინ აწამებდნენ, აუბედურებდნენ ადამიანს, ადრე რომ გამოეტანათ, იმ წამში დასრულდებოდა. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. დღეს არის კვირა დღეს, აქედან 8 დღეში იმ ხალხს, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ უკანა კარებიდან საქართველოში შემოიყვანდა ქურდულ წესრიგს, ორგანიზებულ დანაშაულს, პუტინურ წესებს, ელის ძალიან დიდი იმედგაცრუება, იმიტომ, რომ მთელი საქართველო აქ დგას", - განაცხადა სააკაშვილმა.