სტუდენტების მასობრივი აქციები დღეიდან კვლავ განახლდება. ისინი ჯერ ყველა უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან, შემდეგ ფილარმონიასთან 17:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, ხოლო ამის შემდეგ ყველა ერთად პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.
როგორც მოძრაობა „არას“ ლიდერმა ჩიტაძემ განაცხადა, შესაძლებელია პროკურატურის შემდეგ ისინი შს სამინისტროსკენაც წავიდნენ და აქვე აღნიშნა, რომ აქციები ყოველდღე, 17:00 საათზე გაიმართება.
ლევან ჩიტაძის თქმით, არც ერთი დამნაშავე, რომლებიც პატიმრების წამებაში არიან ბრალდებულები, არ არის დასჯილი, ხოლო ის სპექტაკლები, თითქოს 10 ადამიანი დაიჭირეს, არაფერს ნიშნავს.
ჩიტაძის განცხადებით, აქციები უნდა იყოს მშვიდი, ხოლო ვინც შეეცდება, რომ დაიწყოს რაიმე პროვოკაცია ან ნასვამ მდგომარეობაში მივა აქციაზე და ჟურნალისტს, პოლიციელს ან აქციის რომელიმე მონაწილეს შეურაცხყოფას მიაყენებს, ის ჩაითვლება მოგზავნილ პროვოკატორად. მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში საპროტესტო მუხტის შეჩერებამ გამოიწვია ის, რომ დღეს შესაძლოა ცესკო-მ მიიღოს კანონი, რომლის შედეგადაც არჩევნები მედიისთვის შეიძლება დახურული იყოს.
„საუბარი არ არის მხოლოდ უბნებზე, არამედ უბნების პერიმეტრებზეც და ამ წუთებში მიდის ეს სხდომა. შეიძლება ისეთი კანონი მიიღონ, რომ 18:00 სააათის მერე ქუჩაში გასვლაც კი აგვიკრძალონ", - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.
მისივე თქმით, სწორედ ამ ხელისუფლების მიერ მოხდა პატრიარქის შეცდომაში შეყვანა და ისეთი განცხადებები გააკეთებინეს, რომ სტუდენტებში დაბნეულობა შეიტანა. თუმცა, როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, მათ მიაღწიეს იმას, რომ საპატრიარქომ დააზუსტა ტექსტი და აღმოჩნდა, რომ პატრიარქს არ მოუწოდებია მათთვის სახლში წასვლა და დაშლა, არამედ მოუწოდა სიმშვიდისკენ.
დღესვე, 14:00 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი, რომელიც რუსთავის მე-6 იზოლატორთან გაიმართება. სწორედ აღნიშნულ იზოლატორში იმყოფებიან ორი დღის წინ დაკავებული უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და მისი მეგობარი ბექა ალადოშვილი.
ჩიტიძს განცხადებით, იმის გამო, რომ ხელისუფლებას შეეშინდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორთან ახალი ცხელის კერა შეექმნა, ბექა ალადოშვილი და დაჩი ცაგურია რუსთავში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბექა ალადოშვილი და დაჩი ცაგურია არიან პოლიტიკური პატიმრები და ისინი მათ გათავისუფლებას დღეს უკვე რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მოითხოვენ.