„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებულ დაკავების ფაქტებს ეხმაურება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებულ დაკავების ფაქტებს ეხმაურება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებულ ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებს ეხმაურება, რასაც პოლიტიკური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  განცხადებით,აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ განხორციელებული დაკავებები არ ეფუძნება მყარ და უტყუარ მტკიცებულებებს. მოკლე დროის პერიოდში რამდენიმე ადამიანის საეჭვო დაკავება წარმოშობს ვარაუდის საფუძველს, რომ მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკურად აქტიური პირების მიმდინარე საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება.

საეჭვო დაკავების შემთხვევები მოიცავს შემდეგ ფაქტებს: 21 სექტემბერს თბილისში ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ჩადენისთვის დაკავებულ იქნა ოთხი პირი – დავით ფაცაცია, ზურაბ მესხია, შოთა ბაზერაშვილიდა კონსტანტინე ლაბარტყავა. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ფაცაციასა და მესხიას უკვე შეეფარდათ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამოქალაქო აქტივისტები დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი  იქნენ დაკავებულნი. მათ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ცაგურია აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდების საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, მისი დაკავების ფაქტი დამატებით ეჭვებს წარმოშობს. ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება ცალსახად პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ცნობისთვის, დაკავებამდე დაჩი ცაგურიას არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ოფისში.

დღეს ასევე დაკავებული იქნა მესტიის საარჩევნო ოლქში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი კახა ჟორჟოლიანი. იგი დააკავეს ცესკოს წარმომადგენლის, არჩილ  სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე, რომლის განცხადებითაც, 20 სექტემბერს ჟორჟოლიანმა იჩხუბა და ხელი შეუშალა კომისიის მუშაობას. თუმცა კომისიის სხდომის ოთხი წევრისა და ზოგიერთი თვითმხილვევლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩხუბისა და ხულიგნობის ფაქტი არ მომხდარა. მათი განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას და ხმამაღალ კამათს. ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციული დაკავების საფუძველი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობაა, რაც ითვალისწინებს სახდელს 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღის ვადით. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, მათ შორის, კომისიის კოლეგიური გადაწყვეტილების საფუძველზე ხელშემშლელი ან წესრიგის დამრღვევი პირის სხდომიდან გაძევებას (საარჩევნო კოდექსი, მე–8 მუხლის მე–15 და მე–18 პუნქტები). შესაბამისად, მიუღებელია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენება, როდესაც შემთხვევა დარეგულირებულია იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი და სპეციალური კანონით, როგორიცაა ორგანული კანონი – საარჩევნო კოდექსი.

დღესვე დაკავებული იქნა ზვიად საბანაძე, „ქართული ოცნების” გორის ზონის კოორდინატორი. მასაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი შეეფარდა.

მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ საქართველოში დღეს არსებული ვითარება და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიიღონ მსგავსი ტიპის ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ქმედებები სერიოზულად შეამცირებს საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობას და ხელს შეუშლის არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებას;

უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაინტერესდეს ამ შემთხვევებით და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.