შეძლებენ თუ არა რეგიონებში, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანიების „მე-9 არხის“, „მაესტროსა“ და ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპით, საკაბელო ოპერატორების მიერ ქსელში ჩართული მაუწყებლების ყურებას, საზოგადოებაში, ეს კითხვა მეტად აქტუალურია.
არ არის გამორიცხული ხელისუფლებამ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, კანონის სრული „დაცვით“ ოპოზიციური მაუწყებლები, რომლებმაც ქვეყანაში არსებული რეალობის რეგიონებში შეტანით, გარკვეულწილად, იქ მცხოვრებთა ინფორმირება მოახდინეს, ზუსტად პირველ ოქტომბერს, არჩევნებში ხმის მიცემის დასრულებისთანავე გათიშონ.
როგორ განვითარდება მოვლენები, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდგომ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, რა პროცესები განვითარდება ქვეყანაში, ამ ინფორმაციების მიღება, ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპით, საკაბელო ოპერატორების მიერ ქსელში ჩართული მაუწყებლების გათიშვის შემდეგ, რეგიონები, რომლებიც ხელისუფლების წინდახედულობით, სატელიტური ანტენების გარეშე დარჩნენ, მხოლოდ ნაციონალური მაუწყებლების ინფორმაციის მიღება შეეძლებათ...
საარჩევნო პერიოდში საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must carry-ის და must offer-ის წესების შემოღების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები 1 აგვისტოდან ამოქმედდა.
კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული პრინციპი 60 დღიანია და საკაბელო ოპერატორებს ტრანზიტის ვალდებულება მხოლოდ არჩევნებამდე - 1 ოქტომბრამდე გააჩნიათ.
თუმცა საზოგადოებამ და არაასამთავრობო ორგანიზაციებმა ასეევ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც ხელისუფლებასა და საკაბელო ოპერატორებს must carry-სა და must offer-ის პრინციპების მოქმედების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გაგრძელების თხოვნით არაერთხელ მიმართეს.
მათი თქმით, must carry-სა და must offer-ის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ამიტომ კანონის ინიციატორი ორგანიზაციების აზრით, ინფორმაციის მიღება მოქალაქეებმა არჩევნების დღის შემდგომაც უნდა შეძლონ.
გააგრძელებენ თუ არა საკაბელო ოპერატორები მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტს არჩევნების შემდეგაც, ეს ჯერ მათთვის უცნობია.
ამ საკითხთან დაკავშირებით From.ge სილქნეტისა და სუპერტვ-ის წარმომადგენლებს ესაუბრა.
სილქნეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება აღებული აქვთ და მათ მაუწყებლობაში სხვა არხებთან ერთად ჩართული არიან მე-9 არხი, მაესტრო, თრიალეთი და 25-ე არხი.
რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა აღნიშნული ხელშეკრულება არჩევნების შემდეგ, მისი თქმით, ეს დამოკიდებულია იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ამ ტელეკომანიებთან უნდა აწარმოონ.
„აქ უნდა გაიცვალოს ტექნიკური შესაძლებლობები, ინფორმაციები, უნდა დაიდოს კონტრაქტები და სხვადასხვა საკითხია მოსაგვარებელი. არ შეიძლება ბრმად აიღო სიგნალი, მოიტანო და გქონდეს. აქ უნდა იყოს ურთიერთომომსახურებისა და ურთიერთვალდებულების რაღაც დოკუმენტი. ამიტომ 1 ოქტომბრის მერე თითოეულ ტელეკომპანიასთან ამ თემაზე საუბარი ინდივიდუალურად მოხდება“, - აცხადებენ სილქნეტში.
რაც შეეხება სუპერ-ტვ-ის, მისი წარმომადგენლების განცხადებით, კანონის ფარგლებში მათ მიერ ტრანზიტში ჩართულია ყველა ის არხი, რომლებსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. არჩევნების შემდეგ ტრანზიტის გაგრძელებასთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ამ შემთხვევაში გაგრძელება არ გაგრძელება ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. აქ ორივე მხარის ხელმძღვანელების მიერ გარკვეული პრინციპებისა და ვალდებულების დაცვაა საჭირო. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებაში უშუალოდ ხელმძღვანელობა იქნება ჩართული“, - განაცხადეს სუპერტვ-ში.