შემოქმედებითი კავშირების ინიციატივით, მაჩაბლის ქუჩაზე, ყოფილი მწერალთა კავშირის წინ მწერლებმა პროტესტი გამოუცხადეს საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციას და პატიმართა წამებასა და ძალადობას საპატიმროებში.
მათ ციხეებში წამების კადრებთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მიმართვაში აღნიშნულია: „ეს უბედურება ხდება იმ პენიტენციალურ სისტემაში, რომლის არნახული რეფორმირებით და წარმატებებით ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ყური გამოგვიჭედეს.“ მწერლების განცხადებით წარმოუდგენელია ყურთმიძინება საქართველოში ამ დროს, როცა ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ერის განადგურება ხდება, ამიტომ ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ბრძოლაში ჩაგვრთეს.
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი აცხადებს, რომ ფაშისტები სადისტურად აწამებდნენ ხალხს, ამაში კი ძირითადი დამნაშავე ჰიტლერი გახლდათ. „გასამართლება პრეზიდენტიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ უბედური ხალხი ვყოფილვართ, რამეთუ უბედური პრეზიდენტი გვყავს“,-განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა.