კოალიცია „ქართული ოცნების“ საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მანანა კობახიძის შეფასებით, ზუგდიდის რაიონში ჩატარებული აქცია, მთელს საარჩევნო პერიოდში კოალიციის მიერ ჩატარებულ აქციებს შორის, ერთ ერთი საუკეთესო და ფართომაშტაბიანი იყო.
როგორც კობახიძემ From.ge -სთან საუბარში განაცხადა, დღევანდელი აქციაზე სამეგრელოს მოსახლეობამ თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა და აღნიშნა, რომ ეს იმაზე მიუთითებს, რომ მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ ძალიან სერიოზულად დაამარცხებს.
„ის მითი, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებდა, თითქოს „ნაციონალებს“ რაღაც პოზიციები აქვს და სააკაშვილი ამით ძალიანაც ამაყობდა, დამსხვრეულია. მოსახლეობა გზადაგზა, სოფლებში, თავიანთ ეზოებიდან შეძახილებით და ოვაციებით გვხვდებოდნენ. მათ გამარჯვების იმედი აქვთ. დღევანდელი აქციამ დაამტკიცა რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და რომ ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზულად დავამარცხებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებითვე, ხალხს აღარ შეუძლია იმ რეალობის მოთმენა და ატანა, რომელსაც ყოველდღიურად აწყდება. კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ დღევანდელ აქციას საზოგადოების ის ნაწილიც შეუერთდა, რომელიც გაურკვევლობაში იყო.
„არსებულ დემაგოგიასა და სააკაშვილის აგრესიული რიტორიკის გამო საზოგადოება კიდევ უფრო იხრება „ქართული ოცნებისკენ“. ამიტომ მათი ის ნაწილი, რომლებიც ორჭოფობდნენ და გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული დღეს აქციაზე ჩვენს გვერდით იდგა“, - განაცხადა მან.