კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომრის, კახი კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა ის ადამიანი დაისჯება , რომელთაც ბრალი მიუძღვით ციხეებში პატიმრებზე ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე. ამის შესახებ მან ზუგდიდში, „ქართული ოცნების" აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ოქტომბერს აუცილებლად შეიცვლება ის ძალადობრივი მთავრობა, რომელიც საქართველოს მართავს.
„აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ან დამკვეთები იყვნენ განხორციელებულ ზეწოლაში და მე გპირდებით, რომ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ ბადრაგიდან დაწყებული, უმაღლესი თანამდებობების პირებით დამთავრებულები აუცილებლად დავსჯით მათ სათანადოდ", - განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები არასწორად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სამეგრელო და კერძოდ, ზუგდიდი არის აუღებელი ციხესიმაგრე.
„ზუგდიდს გარკვეული დროის განმავლობაში ახალაიების კლანი მართავდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ აქ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ზუგდიდი, ისევე როგორც მთელი საქართველო, ჩვენ პირველ ოქტომბერს მხარს დაგვიჭერს", - აღნიშნა კახი კალაძემ.