"ძალიან მალე დადგება დრო, როცა შვებით ამოვისუნთქავთ და ახალ რეალობაში გადავალთ“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დღეს ზუგდიდში კოალიციის მიერ გამართულ აქციაზე ივანიშვილის მიერ მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მან დღესვე პატიმრების წამებაში დამნაშავე ყველა პირის მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა დააყენა.
მისივე თქმით, საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ.
„ჩვენ უნდა ავურჩიოთ როგორი მომავალი გვინდა. დავტოვებთ საქართველოს ამ წამების, უსამართლობის და ნგრევის პირობებში, თუ ავირჩევთ ისეთ ადამიანურ სოლიდარობას, რომელიც საქართველოს წაიყვანს გაერთიანებისკენ, მთელი ერის კონსოლიდაციისკენ. სწორედ სამეგრელოს აქვს ყველაზე დიდი შანსი, გააერთიანოს ქვეყანა. ჩემთვის ზუგდიდში ჩემს ფესვებთან დაბრუნება შემთხვევითი არ იყო, მე აქედან უნდა გამეგრძელებინა ბიძინა ივანიშვილისთვის და თქვენთვის გვერდით დგომა“, - განაცხადა ალასანიამ
მან დღესვე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თავიანთ პრობლემებთან მარტო არასოდეს დატოვებს.
„დღეს მთელი საქართველო შეურაცხყოფილია, რომ ჩვენს მოქალაქეებს წლების განმავლობაში აწამებდნენ. მე მოვითხოვ, ვინც ამ საშინელი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილია, დაწყებული ქვეყნის პირველი პირიდან, ყველა უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში", - განაცხადა ალასანიამ.