„შევინარჩუნოთ სიმშვიდე 1 ოქტომბრამდე და გპირდებით მათ თითოეულ საქციელზე პასუხს ვაგებინებთ ხელისუფლებას“, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა .
როგორც ივანიშვილმა ზუგდიდში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ის რაც გამოაშკარავდა, მხოლოდ ნაწილია ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა. მისი თქმით, ამ „სიბინძურეში ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წევრი არის გარეული და მათ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენას დაპირდა .
„ნაციონალების ყველა დეპუტატი მონაწილეობდა ამ სიმხეცეში, ისინი თავიანთი ხელით თუ არ აწამებდნენ უსუსურ ადამიანებს, სამაგიეროდ ყველა ხერხით ფარავდნენ მას და ამით გზას უხსნიდნენ ჯალათებს. წლების განმავლობაში შეგნებულად სწორედ ამ სისტემას აშენებდნენ, რადგან სწორედ ამას შეეძლო მათთვის კეთილდღეობის მოტანა. ის რაც ჩვენ ამ ბოლოს ვნახეთ დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. უსამართლობის ტყვეობაშია მთელი საქართველო, მთელი სამეგრელო. სააკაშვილმა სინათლე და გზები კი არა, წამება და შეურაცხყოფები მოიტანა. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და აღვადგენთ სამართლიანობას“, - განაცხადა მან.
ივანიშვილის აზრით, ყოველივე ამ ფაქტით თავად ხელისუფლებაც შეშფოთებულია, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს შეშფოთება უფრო შიშის გამოა , ვიდრე მომხდარის გამო. მისი თქმით, ეშინიათ, რომ ყველაფერი გამომჟღავნდა, მთელს მსოფლიო მოედო და „ყველამ დაინახა რას წარმოადგენს ჩვენი დემოკრატიის შუქურა“.
ივანიშვილი აცხადებს, რომ მართალია, ხელისუფლება ამ ყველაფერს სისტემის მარცხად აფასებს, მაგრამ მისი აზრით, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. სწორედ ამიტომ ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია თითოეულმა მათგანმა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს.
„სტუდენტების პროტესტმა გამოიღო შედეგი - 2 მინისტრი გადადგა. მათ შორის ერთ ერთი ბაჩო ახალაია. ახალაიების კლანს ბზარი გაუჩნდა. მთელს რეჟიმს რეჟიმს გაუჩნდა ბზარი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს კარგად იციან ჩვენმა ახალგაზრდებმა და ბაჩო ახალაიას გასამართლებას მოითხოვენ“, - აღნიშნა , მან.
ივანიშვილის აზრით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მათი დღეები დათვლილია, ამიტომ ცდილობენ არჩევნები ჩაშალონ.
„ხელისუფლებას სწორედ 1 ოქტომბრის ეშინია, იმიტომ რომ იციან, რომ პასუხისგება მოუწევთ თითოეულ სისასტიკეზე . ამიტომ ცდილობენ ხალხის აღშფოთება ისევ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ და არჩევნები ჩაშალონ. შევინარჩუნოთ სიმშვიდე 1 ოქტომბრამდე და გპირდებით მათ თითოეულ საქციელზე პასუხს ვაგებინებთ ხელისუფლებას“, - განაცხადა მან.