"ზუგდიდიდან მივესალმები ჩემს ხალხს ჩვენს ტანჯულ პატიმრებს ციხეებსა და კოლონიებში. ჩემო ხალხო, მთელი საქართველო ფეხზე დადგა. ჩვენ საბოლოოდ დავინახეთ სააკაშვილის რეჟიმის სახე ამიტომ მე, დღეს მივმართავ აღშფოთებისაგან ყალყზე შემდგარ ჩვენს ახალგაზრდობას და ჩვენს შეურაცხყოფილ ხალხს - მე მოგიწოდებთ სიდინჯისაკენ, სიმშვიდისაკენ, მაგრამ არა ამ დანაშაულის დავიწყებისაკენ", -განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, სააკაშვილი რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობა ყველაზე მძაფრად.
"სწორედ აქ, ზუგდიდის ცენტრში დგას ადამიანის დამცირებისა და უსამართლობის განსახიერება - ზუგდიდის ციხე. ეს ციხე ნესტიანია და ბინძური, იქ ადამიანებს აწამებენ. ის თითქოს იმისთვის დგას, რომ ვინც გაბედავს და სააკაშვილის რეჟიმსა და აქაურობას გაბატონებულ ერთ ოჯახს - ახალაიების ოჯახს დაუპირისპირდება - ახსოვდეს, რომ ამ ციხეში ჯოჯოხეთი ელოდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,დღეს ქართველი ხალხის ღირსება ფეხქვეშ არის გათელილი, სააკაშვილის რეჟიმმა კი სინამდვილეში წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა.
"მათ უნდათ, მთელი საქართველო ასეთად აქციონ. სააკაშვილმა თითქოს დასავლეთისკენ გაგვიღო კარი, მაგრამ სინამდვილეში წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა. მისი ყოველი მომხრე, ვინც რაიმე გამართლებას მოუძებნის ამ ჯალათებს თვითონ იქნება ჯალათი. ახლა მაინც ხომ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი რას წარმოადგენს ეს ვითომ დემოკრატიის შუქურა", - განაცხადა ივანიშვილმა ზუგდიდში სამეგრელოს მოსახლეობასთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ მომხდარით სააკაშვილიც შეშფოთებულია, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმაციამ გაჟონა.