სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, გიორგი ტუღუში გავრცელებულ ინფორმაციას პატიმრების მიერ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, არ ადასტურებს.
ამის შესახებ მან დღეს გლდანის ციხის დატოვებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გიორგი ტუღუშს გაესაუბრა ერთ-ერთი პატიმრის დედა , მზია ნადიბაიძე და მინისტრს უთხრა, რომ მან საკუთარი თვალით ნახა მოშიმშილე პატიმრები და სთხოვა დახმარება.
თუმცა, მინისტრმა აღნიშნა, რომ გლდანის დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა. დღესვე ტუღუშმა, მედიასაშუალებებს მოუწოდება, შეწყვიტონ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება.
მისი განმარტებით, აღნიშნული ვიდეოების ჩვენება სიტუაციას ამწვავებს. "ძალიან გთხოვთ, ყველა ტელეარხმა შეწყვიტოს ფირების ტრიალი, რადგან ეს ართულებს ვითარებას. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რაც დაწყებულია და გთხოვთ, ნუ მივაყენებთ ტრავმას პატიმართა ახლობლებს, რომლებიც ამ ვიდეომასალას უყურებენ და რიგ შემთხვევებში საკუთარი პატიმრის ამოცნობა ხდება", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მინისტრმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.