აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სერთიფიცირების და ლიცენზირების დეპარტამენტის ერთ- ერთი თანამშრომელი გიორგი სირაბიძე კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილი მძიმე მდგომარეობაა. სირაბიძე აცხადებს, რომ ის უერთდება სახალხო პროტესტს პატიმართა წამების გამო. ამასთან, გიორგი სირაბიძემ მასზე ზეწოლის და არჩევნების კონტროლის მექანიზმებზეც ისაუბრა:
„3 დღის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" მივწერე "ქართული ოცნების" წევრს, დავით ბაციკაძეს, რომელთან შეხვედრაც მინდოდა. მეორე დღეს სამსახურში გამაფრთხილეს, რომ ჩემზე რაღაც ინფორმაციას ფლობდნენ. დღეს დილით კი დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ "ფეისბუქის" მიმოწერაზე ინფორმაცია ჰქონდათ და სამსახური არ უნდა დამეტოვებინა მინიმუმ არჩევნებამდე", - აღნიშნა გიორგი სირაბიძემ.
როგორც ის აღნიშნავს, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე თანამშრომლებთან ერთად, უნდა ემუშავა. მისი თქმით, დარღვევის შემთხვევაში "ქართული ოცნების" კომისიის წევრებისთვის საჩივრის დაწერის საშუალება არ უნდა მიეცა.
"უნდა დაგვეწერა 10-დღიანი უფასო შვებულება, შემდეგ უსკოსთვის (აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია) თხოვნით უნდა მიგვემართა, რომ ერთდღიანი დამკვირვებლები ვყოფილიყავით აჭარის მასშტაბით. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ "ქართულ ოცნებას" განზრახული აქვს საარჩევნო უბნებზე არჩევნების ჩაშლა, რომ იქ იქნება 20-კაციანი ზონდერ ბრიგადები. "ქართული ოცნების" კომისიის წევრებისთვის იმის საშუალება არ უნდა მიგვეცა, რომ საჩივარი დაეწერათ. ", - აღნიშნა გიორგი სირაბიძემ.