დავიბენი, ჩემო პატრიარქო!

დავიბენი, ჩემო პატრიარქო!

წინასწარ ვიცი, რომ ამ ბლოგისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდიც გამაკრიტიკებს და ის ხალხიც, ვინც პატრიარქისადმი ცნობილ „შეკითხვებს“ მოაწერა ხელი. მაგრამ მავანმა სულაც ანათემას რომ გადამცეს, სათქმელს მაინც ვიტყვი, რადგან  მჯერა, რომ იგი მხოლოდ ჩემს გულისნადებს არ გამოხატავს.

თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პატრიარქო! მეც, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანამემამულე, რომლებიც სამშობლოს გარეთ ვიმყოფებით, ამ დღეებში განსაკუთრებით მოუთმენლად ველოდით თქვენს მიმართვას. ვის, თუ არა თქვენ, შეგიძლიათ დაარწმუნოთ აფორიაქებული ხალხი, თანაუგრძნოთ, დააწყნაროთ და თუნდაც მცირე ხნით შეარიგოთ ის. მართალია, ჯიუტი ქართული ხასიათის გამო, ეს ყოველთვის არ გამოდის. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს მეც იმ სტუდენტებს შორის ვიყავი, ვინც, თქვენი დალოცვის მიუხედავად, არ წავიდა ქაშუეთში, რუსთაველის მოედანზე დარჩა და დღემდე ნანობს ამ სიჯიუტეს.

ამიტომ, ახლა სამშობლოში რომ ვიყო, აუცილებლად დავუჯერებდი თქვენს მოწოდებას და ორი მშფოთვარე დღის შემდეგ, რაც პატიმართა წამებისა და გაუპატიურების საზარელი კადრების გავრცელებას მოჰყვა, წავიდოდი სახლში, დაველოდებოდი არჩევნებს და შევეცდებოდი, სხვებიც დამეყოლიებინა.

მაგრამ ვხვდები და თვალს ვერ დავიბრმავებ, რომ პარასკევს, სამების ამბიონიდან წარმოთქმულმა თქვენმა ქადაგებამ, სამწუხაროდ, კი არ დააშოშმინა აღელვებული ადამიანები, არამედ მათში გარკვეული უიმედობა გააჩინა. ბევრი მათგანი, ვისაც უცხოეთსა თუ საქართველოში (ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით) ველაპარაკე, გაოგნებულია და ვერაფრით აუხსნია, რის თქმა გსურდათ ამ ფრაზით: „მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება საქვეყნოდ არ გამოაქვთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ განმეორდეს.“

ეკლესიის საქმებში ჩახედულთა უმრავლესობას კი, ღმერთო შეგცოდე, ეჭვი არ ეპარება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარს ქადაგების წინასწარ მომზადებულ ტექსტში რამდენიმე ციტატა ხელისუფლების წევრებმა ჩაუწერეს, რათა ამით ნიადაგი შეამზადონ შემდგომი რეპრესიებისათვის. მავანი ვარაუდობს, რომ პატრიარქის ციტატას - „ზოგიერთები სარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით და საქართველოში არასტაბილური მდგომარეობის შემოტანა სურთ“, - ქვეყნის მესვეურთა პიარტექნოლოგები თან დაურთავენ იმ „მამხილებელ კადრებსაც“, რომელთა გამომზეურებასაც ხელისუფლება მალე აპირებს.

მომიტევეთ, პატრიარქო, მაგრამ ამ ხალხის ასეთი შეშფოთება უსაფუძვლო რომ არ არის, უკვე აჩვენა 21 სექტემბრის მოვლენებმა. სწორედ თქვენი ქადაგების შემდეგ დაუბრუნდა ციხის სკანდალის გამო ნირშეცვლილ პრეზიდენტს ძველებური რიხი და მიხეილ სააკაშვილმა კვლავ დაიწყო საუბარი თავისი ხელისუფლების მიღწევებზე და ამ მიღწევების მოწინააღმდეგეებზე. მართალია, მღრღნელები, მუმიები, დინოზავრები და მტრის ფეხის მლოკველები ამჯერად არ უხსენებია, მაგრამ თბილისში, იუსტიციის სახლის გახსნისას, მან რამდენიმეჯერ გაიმეორა, „საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს რუსული ფული, საერთაშორისო ქართული მაფია და გავრცელებული ვიდეოკადრები მათ მიერ დაგეგმილი დესტაბილიზაციის გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილიაო“. არადა ეს იმ დროს, როდესაც მღელვარება თითქოს ჩაცხრა. ამიტომ, რაღა გასაკვირია, თუ ამის პარალელურად კვლავ გამოვიდნენ ქუჩებში სტუდენტები, მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის, ხოლო ამ მოვლენის ამსახველი სატელევიზიო სიუჟეტები სახელისუფლო ტელევიზიების ეთერში კვლავ იწყებოდა საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელ სტილში ჩამოყალიბებული ფრაზით: „მიუხედავად პატრიარქის მოწოდებისა, სტუდენტების ერთი ნაწილი კვლავ გამოვიდა ქუჩებში...“

სანამ ამ ბლოგს რედაქტორს გავუგზავნიდი, კიდევ ერთხელ მოვუსმინე თქვენს ქადაგებას და მორიდებით შეგკადრებთ: თქვენო უწმინდესობავ, იგი ნამდვილად ტოვებს ამბივალენტურის შთაბეჭდილებას. ამიტომ, დავიბენი, ჩემო პატრიარქო და, შორს მყოფს, უმწეობის გრძნობა დამეუფლა.