სამების ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე (კვარაცხელია) სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე „თავისუფალი ინსტიტუტის“ წარმომადგენელის, თეა თუთბერიძის წერილს ეხმიანება, სადაც თუთბერიძე აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია არ უნდა დაისაჯოს.
როგორც წერილშია აღნიშნული, როცა გვიყვარს კონკრეტული პიროვნება, და მასთან საერთო აზრი, წლები, გამოცდილება გაკავშირებს ძნელია იყო ობიექტური და სათანადოდ შეაფასო ობიექტური რეალობა.
ის წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ თუთბერიძის მეგობრულმა ერთგულებამ იმ დედების თვალში ,,ფერისცვალება" ვერ მოახდინა, რომელთა შვილები ამდენი უსამართლობის და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
სამების ტაძრის დეკანოზის, მამა პეტრეს წერილს From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„გულდასმით წავიკითხე თქვენი წერილი და პირველი რაც გავიფიქრე ,,მეგობრობა გზად და ხიდად" ნებისმიერი ადამიანი ინატრებდა თქვენაირ თავდადებულ და ერთგულს. როცა გვიყვარს და მასთან საერთო აზრი, წლები, გამოცდილება გვაკავშირებს, ძნელია იყო ობიექტური და სათანადოდ შეაფასო. ისიც მძიმე მოსასმენია ჩემთვის, ერთადერთ შვილს რომ ასე ,,ლოცავთ" და არ გინდათ ახალაიაზე უკეთესი გაიზარდოს. თუმცა ეს თქვენი ნებაა. მაშინ, როცა სულის სისხლამდე მტკივნეულად განვიცდით ყველა ჩ(თქ)ვენთაგანი, არასრულწლოვანთა ამ შემზარავ წამებას, ძნელია და ალბათ გაუსაძლისადაც, თქვენ ისევ ხმალამოღებული იცავდეთ ამ ყველაფრის ორგანიზატორს და ხალხისგანაც იგივეს ითხოვდეთ.
მე არ ჩამოვთვლი მის ,,საგმირო საქმეებს" და რაც დღესავით ნათელია, იმით დავკმაყოფილდები და ვიტყვი-შესაბრალისია, ვიდრე გასაკიცხი, ,,ვითარცა პირგამეხებული ვარსქენი". ყველაზე მწვავე სიტუაციაშიც მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვერ უსურვებ იმაზე მეტს, ვიდრე საკუთარი თავის რეალიზებისათვის მოახდინ. სამწუხაროა, ამ ასაკში ღვთისა და ერის განუსაზღვრელი რისხვა რომ დაიმსახურა. ნუ გაგიკვირდებათ, ახალაიას განეიტრალებისთვის, თქვენმა ერთგულმა მეგობრობამ და მით უფრო ამ ეპისტოლემ, იმ დედების თვალში ,,ფერისცვალება" თუ ვერ მოახდინა, რომელთა შვილები ამდენი უსამართლობის და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
დედა ხართ და ალბათ მიხვდებით, რას უნდა ნიშნავდეს, როცა შვილის წამებას ადევნებ თვალს ,,დემოკრატიული ეკრანიდან"... არც წამებულის როლი მოგიხდებოდათ, რადგან ესეც თქვენი არჩევანია და მეგობრობაზე, სუბიექტურ აზრზე და მიკერძოებაზე მაღლა უნდა დავაყენოთ-ჯერ ადამიანობა, შემდეგ ქრისტიანობა და მარადიული ღირებულებები. (თუმცა ეს სულის თვისება და რჩეულობაა, მოწოდებულობასთან ერთად). ,,პლატონი ჩემი მეგობარია, ჭეშმარიტება კი უფრო დიდი მეგობარია", გავიმეორებ და დავძენ-იქ, სადაც ცოდვა-მადლი, სამართლიანობა-უსამართლობა, ზნეობა-უზნეობა, სიყვარული-უსიყვარულობა მეგობრობის ინსტიტუტით და არა თავისუფლების :) ფასდება და გისოსებს მიღმა დარჩენილ არასრულწლოვანთა მთელ თაობას სიცოცხლის წყურვილს ართმევენ, არ მინდა ვიყო ამ ,,ღირებულების" წევრი. მით უფრო ჩემი შვილები...“, - ნათქვამია წერილში.