უფლება არ გვაქვს ჩვენს მომავალს ენერგიის რესურსი ამ მოცულობით წავართვათ

უფლება არ გვაქვს ჩვენს მომავალს ენერგიის რესურსი ამ მოცულობით წავართვათ

ხელისუფლება ოპონენტი პარტიებისგან უაპელაციოდ ახდენს ჰესების მშენებლობის პროგრამის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას. ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიებისგან შეფასება არ კეთდება, ალბათ, იმიტომ, რომ გასაკრიტიკებელს ვერ ხედავენ. ქრისტიან დემოკრატები აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჰესების მშენებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეთანხმებიან ახალი ჰესების მშენებლობის მიმდინარე პროცესს.

ახალის ჰესების მშენებლობის მიმდინარე პროცესი ქართული ენერგორესურსის განიავებაა, დაკარგვაა მომავალი თაობებისათვის. ხელისუფლებამ საქართველოს მთელი მისი ჰიდროენერგორესურსი გასცა საექსპორტოდ. აშენებული ჰესები ქართული ენერგეტიკისთვის არ იმუშავებს, თურქეთის ენერგეტიკისთვისაა გამიზნული.

პირობა, რომლითაც ახალი ჰესების მიერ ზამთარში გენერირებული ენერგია საქართველოში უნდა გაიყიდოს, არის ძალზე არასახარბიელო, რამდენედაც ამ ენერგიაში ქართულ მხარეს ოთხჯერ უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ამჟამად იხდის. გადასახადების თვალსაზრისითაც არაარსებითი იქნება ამ ჰესების მუშაობით მიღებული შემოსავლები. დღგ–ს და აქციზის გადასახადი ენერგიის ექსპორტზე არ გვაქვს, ხოლო მოგების გადასახადი დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება  მოცულობითი ინვესტიციების გამო. ერთადერთი რა ეფექტიც ამ პროგრამას აქვს, მშენებლობის ეტაპზე მუშახელის დასაქმებაა. თუმცა ხელშეკრულებებში არ არის ადგილობრივი მუშახელის დასაქმების ვალდებულება. რომც დავუშვათ, რომ ადგილობრივი იაფი მუშახელი დასაქმდება, ეს ძალზე მცირეა იმის სანაცვლოდ რასაც საქართველო გასცემს. იმისათვის, რომ დღეს 18 ათასი იაფი მუშახელი დასაქმდეს, ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩვენს მომავალს ენერგიის რესურსი ამ მოცულობით წავართვათ.