ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფის - „ჩვენ დავბრუნდებით“ წევრები დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ, და ქვეყნის საგაერო უწყებას საგანგებო განცხადებით მიმართეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ემიგრანტის ირაკლი აფაქიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა დაგმეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის გიორგი ბადრიძის მიერ ემიგრანტებისადმი გაკეთებული რეპლიკა, რომელმაც ნათლად გამოავლინა ზოგიერთი საელჩოს რეალური სახე. კერძოდ, იმ დროს, როცა ლონდონში მცხოვრები ქართველები გიორგი ბადრიძეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ და საელჩოს წინ სკანდირებდნენ - „გამოდი“, ბადრიძემ მათ უცენზურო გამონათქვამით მიმართა: „ცოცხი გაიკეთე უკან!“
ემიგრანტების თქმით, საქართველოს ზოგიერთი საელჩო წარმოადგენენ კონკრეტული პარტიის ოფისებს. ამიტომ ემიგრანტები, ასიათასობით უფლებაწართმეული ქართველი ემიგრანტის სახელით, უნდობლობას უცხადებენ საქართველოს ხელისუფლებას და გმობენ ძალადობრივ რეჟიმს, რომელსაც ეს ხელისუფლება წლების მანძილზე კარგად ფუთავდა, როგორც წარმატებულ რეფორმას.
ემიგრანტების განცხადებით, მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე ყველანაირი ბარიერი შეუქმნეს. კერძოდ, ყველანაირად შეეცადნენ, რომ ემიგრანტს საარჩევნო რეგისტრაციის გავლა არ შეძლებოდა.
„რეგისტრაციისთვის ემიგრანტს საცხოვრებელი მისამართის შესახებ ცნობას სთხოვდნენ, მაშინ, როცა ქართველების 80% უცხოეთში არალეგალად იმყოფება. ასევე, ემიგრანტი საკონსულოში აუცილებლად უნდა მისულიყო და რეგისტრაცია იქ გაევლო, თუმცა, ბევრი ემიგრანტი საკონსულოსთან ტერიტორიული სიშორის გამო ვერ მიდიოდა“ - აცხადებს აქციის მონაწილე ირაკლი აფაქიძე.
მისი თქმით,ემიგრანტებისთვის ონლაინ რეგისტრაციაც მოქმედებდა, თუმცა, ვებ-გვერდზე დარეგისტრირება შეუძლებელი იყო, რადგან რეგისტრაციის ბოლო საფეხურის დროს გვერდი ითიშებოდა.
აფაქიძის განცხადებით, ემიგრანტებისთვის ბარიერს ასევე, არჩევნების ორშაბათ დღეს დანიშვნა წარმოადგენს, რადგან 1 ოქტომბერი უქმედ მხოლოდ საქართველოშია გამოცხადებული. შესაბამისად, ემიგრატთა უმრავლესობა არჩევნებზე მისვლას ვერ მოახერხებს.
მისივე თქმით, საქართველოდან მილიონზე მეტი მოქალაქეა გასული, არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება კი, მხოლოდ 42 600 მოქალაქეს მიეცა.
„დღეს ვეცადეთ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო შესაძლებლობა მივეცით. ამ ერთ კვირაში კიდევაა შესაძლებელი „შეცდომები“ გამოსწორდეს და არჩევნების დღე კვირას გადაიტანონ. ამასთანავე, ხალხს საშუალება მისცენ, რომ რეგისტრაცია გაიარონ“ - განაცხადა აფაქიძემ.
აქციის მონაწილეებმა განცხადებაც გაავრცელეს:
„ქართული ემიგრაცია შეძრწუნებულია ბოლო დღეებში პატიმართა წამების შემზარავი ვიდეო კადრებით. ემიგრაციაში მყოფი ათასობით დედის შვილი, ქმარი და ნათესავი სასჯელს იხდის საქართველოს საპატიმროებში. ხალხმა თვალნათლივ დაინახა, თუ როგორ შეიძლება, გაუსწორდნენ მათი ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია ემიგრანტების განცხადებაში.
მათი თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაზარდა ემიგრანტების მოტივაცია და სურვილი, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ხელისუფლებამ ემიგრაციის ძირითადი ნაწილი საარჩევნო უფლების გარეშე დატოვა. ამის გამო ემიგრანტებმა თავიანთი მოთხოვნები ხუთ პუნქტად ჩამოაყალიბეს.
ისინი მოითხოვენ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად სწრაფად და ყველანაირი შეფერხების გარეშე, გამარტივებული წესით, მოახდინოს საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია საზღვარგარეთ; გახსნას ამომრჩეველთა რიცხვის შესაბამისი უბნების რაოდენობა იმ ქალაქებში, სადაც კომპაქტურად იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები; ემიგრანტებისთვის კენჭისყრის დღე კვირას, 30 სექტემბერს გადმოიტანოს; დარჩენილი მცირე დროის გამო საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა ჩაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დროულად ინფორმირებისთვის; და ბოლოს, არჩევნებამდე დარჩენილი ყველა უქმე დღე დიპლომატიური მისიებისთვის სამუშაო დღედ გამოცხადდეს.