რამდენიმე წუთის წინ ციხესთან სად-ის წარწერიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომანქანა მივიდა, რაც გლდანის ციხესთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი ინციდენტის მიზეზი გახდა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაწესებულებაში ახალი პატიმრები შეჰყავდათ, ამიტომ გადაწყვიტეს ის შემოწმების გარეშე არ გაეტარებინათ.
აღნიშნულმა ავტომანქანამ ეზოში შესვლა მაინც მოახერხა, ვინაიდან ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეები იდგნენ, დიდი სისწრაფით გაიარა, რის გამოც მომიტინგეები იძულებულები იყვნენ გზა გაეთავისუფლებინათ.
ამის შემდეგ სად-ის მანქანას მომიტინგეებმა ფეხები დაუშინეს და მინების ჩამტვრევა სცადეს, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგემ ხელი დაიზიანა.
აქციის მონაწილეების ნაწილმა დაწესებულების ჭიშკრის ძალის გამოყენებით გაღება სცადა, თუმცა, აქციის მონაწილეებმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს და აღნიშნულის უფლება არ მისცეს.