კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, პატიმარი გიორგი თოლორდავა არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ იზორიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მცხოვრები 20 წლის გიორგი თოლორდავა, რომელიც სასჯელს გლდანის მე–8 საპყრობილეში იხდიდა 2007 წლის 14 დეკემბერს დააკავეს. იზორიას თქმით, იგი რამდენიმე დღეში - 2008 წლის 5 იანვარს წამებით მოკვდა, თუმცა აღნიშნავს, რომ მშობლებს შეატყობინეს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„გარდაცვლილის დედის, ლუიზა სიჭინავას მიერ წარმოდგენილ შემზარავი ფოტომასალით ნათლად ჩანს წამების ფაქტები“, - განაცხადა მან.
იზორია პასუხისმგებლობას მთლიანად ბაჩო ახალაიას აკისრებს და აცხადებს, რომ აუცილებელია დადგეს ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.