საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალისადმი მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ეს მიმართვა ძალზე საქმიანი და პრაქტიკულია იმ სისასტიკის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენს პენიტენციალურ სისტემაში ხდება.
განცხადების თანახმადვე, ასოციაცია შეძრწუნებულია საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების და მათდამი სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი დამოკიდებულების ფაქტებით.
ასოციაცია მიმართავს ყველა ექიმს და სხვა სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მუშაობენ სასჯელაღსრულების სისტემაში ან არ არიან ამ სისტემის თანამშრომლები, მაგრამ სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს, ხმა აიმაღლონ აღნიშნული ფაქტების წინააღმდეგ და წინ აღუდგნენ პატიმართა წამებისა და მათდამი სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი დამოკიდებულების პრაქტიკას.
მიმართვას, სადაც წარმოდგენილია ის გზები, რომლითაც ამ ფაქტებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა შესაძლებელი, From.ge უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, შეძრწუნებულია საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების და მათდამი სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი დამოკიდებულების ფაქტებით.
თუ აქამდე პატიმართა წამების შესახებ ისტორიიდან და სხვა ქვეყნების საინფორმაციო წყაროებიდან ვიცოდით, დღეს ეს ჩვენს რეალობად, ჩვენი საზოგადოების პრობლემად იქცა.
არსებულ სიტუაციაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ექიმები თუ სხვა სამედიცინო პერსონალი რაიმე ფორმით აიძულონ, პირდაპირ თუ ირიბად, ხელი შეუწყონ პატიმართა წამებას, მათდამი შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ დამოკიდებულებას. ამისთვის სამედიცინო პერსონალს შეიძლება მოსთხოვონ პროფესული ცოდნისა და უნარ–ჩვევების ან მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენება.
შევახსენებთ ყველა ექიმსა და სხვა სამედიცინო პერსონალს, რომ: მათი პატიმრებთან პროფესიული ურთიერთობის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი შენარჩუნება და გაუმჯობესება.
პატიმრებთან პროფესიული ურთიერთობისას უნდა ისარგებლონ მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით და ეთიკის ნორმებით, რომელიც გაცხადებულია „საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსში“, „ექიმის პროფესიული საქმიანობის წესებში“ და საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის კანონებში „საექიმო საქმიანობის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“.
საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია მიმართავს ყველა ექიმს და სხვა სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მუშაობენ სასჯელაღსრულების სისტემაში ან არ არიან ამ სისტემის თანამშრომლები, მაგრამ სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს, ხმა აიმაღლონ ზემოთ მოხსენიებული ფაქტების წინააღმდეგ და ყველა ღონე იხმარონ და წინ აღუდგნენ პატიმართა წამებისა და მათდამი სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი დამოკიდებულების პრაქტიკას.
ზემოხსენებულის გაკეთება ჩვენს კოლეგებს შეუძლიათ შემდეგი გზით:
არ გამოიყენონ თავისი პროფესიული ცოდნა და უნარ–ჩვევები, აგრეთვე არ გასცენ მათ ხელთ არსებული ხელსაწყოები, მედიკამენტები და სამედიცინო მასალები ისეთი მიზნებისთვის, რომელიც გულისხმობს:
ა) პატიმრის წამებას და მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას;
ბ) მოხსენიებული დამოკიდებულებისადმი პატიმრის წინააღმდეგობის შესუსტებას;
გ) პატიმრის დაკითხვის ხელშეწყობას ისეთი მეთოდებით, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებენ პატიმრის ფიზიკურ და/ან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
არ დაემორჩილონ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს პატიმრის წამების ნიშნების მიჩქმალვას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი სამედიცინო დასკვნის გაცემას;
არ დაემორჩილონ პატიმართა წამებაზე დასწრების მოთხოვნას;
არ მიიღონ მონაწილეობა და არ შეუწყონ ხელი მოშიმშილე პატიმრის ხელოვნურ კვებას; დროულად ამოიცნონ წამების ნიშნები და აცნობონ ამის თაობაზე სათანადო სტრუქტურებს და საზოგადოებას;
აცნობონ საზოგადოებას სამედიცინო პერსონალზე ზეწოლის ფაქტების თაობაზე, რომლის მიზანია პატიმრის წამებისთვის ხელშეწყობა და პატიმრის წამების ფაქტების მიჩქმალვა.
ყოველივე ზემოხსენებულს, გარდა ჰუმანიზმის კანონებისა, მოითხოვს საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კანონმდებლობა“, - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს პროფესორები გურამ კიკნაძე და გივი ჯავაშვილი