მიხეილ სააკაშვილი: ჩვენს სისტემებში წარსულის გადმონაშთები ყველაზე მახინჯი ფორმითაც კი, უნდა აღმოვფხვრათ

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენს სისტემებში წარსულის გადმონაშთები ყველაზე მახინჯი ფორმითაც კი, უნდა აღმოვფხვრათ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლი გახსნა.  პრეზიდენტს  იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე ახლდნენ.

სააკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით  ისიც აღშფოთებულია და აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო აღშფოთებულია  ვიდრე,  მოქალაქეების უმეტესობა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტი ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, მათ შორის,  ბევრად უფრო განვითარებულშიც  და აღნიშნავს, რომ ბევრგან ამის შესახებ ინფორმაცია, საჯაროდაც არ გამოაქვთ.

„ჩვენთან ეს საჯარო გახდა და სწორია,  რომ საჯარო გახდა, მაგრამ ნახეთ,  როგორ ვუპასუხეთ ჩვენ ამ ყველაფერს,  ჩვენ ვუპასუხეთ ისე,  როგორც 21 საუკუნის ახალი დემოკრატიული მთავრობა უპასუხებდა.  ჩვენ ვუპასუხეთ ისე,  რომ მთლიანად დავშალეთ სისტემა, რომელმაც ასეთი სისტემური მარცხი დაუშვა.  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ახალი მინისტრი გვყავს, რომელიც ამ სისტემის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი  იყო. ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი გვყავს. ეს ორი ადამიანი ზუსტად ისე წარმოადგენს ახალ საქართველოს,  როგორც ეს ახალი შენობა,  რომელსაც ყველანი ერთად ვხსნით.  სწორედ თქვენ,  ყველანი ერთად,  ჩვენი ქვეყნის მომავალს წარმოადგენთ“, - განაცხდა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, მისი როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, წარსულის გადმონაშთები  ბოლომდე აღმოფხვრას.

„აღმოვფხვრათ წარსულის გადმონაშთები ჩვენს სისტემებში ყველაზე მახინჯი ფორმითაც კი და  გზა მთლიანად  ახალი სახელმწიფოებრიობის განცდით ახალ მენტალიტეტს დავუთმოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის სწორედ, ის, რასაც მოქალაქეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ  საქართველო  წარსულის მარწუხებისგან და  ორგანიზებული დანაშაულისგან  უნდა განთავისუფლდეს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით,  რომ ეს ხალხი ვინც დანაშაულს ჩადიოდა ციხეში,  რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო,  რომ ეს დავუშვით,  ყოფილი გაიშნიკი,  სადისტად ქცეული, კორუმპირებული ორგანიზებულ დანაშაულთან შეკრული მუშაობდა იქ და თავის ხელქვეითებთან ერთად,  აკეთებდა ამას და ფულს იხდიდა. მაგრამ ვინ იხდიდა ფულს? ვიღაცამ ხომ უნდა დასვას კითხვა? რისთვის ინახავდნენ ამას ყველაფერს? რისთვის ხდებოდა ეს მრავალი წლის განმავლობაში იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვერ დავინახეთ, ამიტომაც აგო ამაზე პასუხი ორმა მინისტრმა და უამრავმა თანამდებობის პირმა, მაგრამ ინახავდნენ არჩევნებისთვის, რადგან მათ სურთ,  ამ არჩევნებმა  საქართველო იქ დააბრუნოს, საიდანაც ჩვენ ყველანი გაქცევას ვცდილობთ“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ „ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსული ფულია შემოსული  და ისინი  კლასიკურ რუსულ კამპანიას აწარმოებენ“.