საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას არაადექვატურობასა და მის სისასტიკისადმი მიდრეკილებაზე ჭორები პოლიტიკური მიზნითაა აგორებული.
„ერთის მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ჭორები მის არაადექვატურობაზე, სისასტიკისადმი მიდრეკილებაზე პოლიტიკური მიზნით აგორებული ჭორებია, მაგრამ ამავე დროს, რამდენადაც ადამიანები, რომლებიც სისასტიკით გამოირჩეოდნენ და ეს ყველამ ვნახეთ, მათი ნაწილი მაინც, ყოველ შემთხვევაში, თვითონ განაცხადა ბაჩო ახალიამ, რომ მის მიერ იყვნენ დანიშნულნი. მთელი ეს კამპანია ძალიან აგორებული იყო და მის წინააღმდეგ, ხალხის ემოციები იქნა გამოყენებული. შესაბამისად, იგი გრძნობს თავს ვალდებულად გადადგეს. ვფიქრობ, მისი მხრიდან, ეს ადეკვატური, ლოგიკური და ღირსეული ნაბიჯი იყო. დანარჩენს ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ადექვატური მოთხოვნა საზოგადოებისგან გამოძიების სრული ტრასფარენტულობის უზრუნველყოფაა.
რაც შეეხება, ახალაიას მიერ საქართველოს საზღვრების დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, დარჩიაშვილი ამ ინფორმაციის გავრცელებას ისევ ჭორების მანქანას უკავშირებს, რომელიც მისი თქმით, საბჭოთა ჭორების მანქანას აგონებს.
„გარწმუნებთ, ამაში ახალი არაფერი არაა. ეს ისევ ის ჭორების მანქანაა, რომელიც წლების მანძილზე, ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მუშაობს, რომელსაც ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებაში რაიმე გაუკეთებია. გარწმუნებთ, რომ არავინ ამ ქვეყნიდან, ამ ქვეყნის პატრიოტები, რომლებსაც საქართველო უყვართ გაქვევას არ აპირებენ, თუ ვინმეს ამ ქვეყნიდან გასაქცევი აქვს, თავიანთ რიგებში მოიკითხონ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.