ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ინფორმაციით, ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის შეიარაღებული პერსონალის გადაადგილება შეინიშნება. აღნიშნულის შესახებ მისიამ დღეს განცხადება გაავრცელა .
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოების პერსონალის განლაგების შესაძლო ცვლილების შესახებ არსებობდა ინფორმაცია, რასაც მათი თქმით, ისინი ინტენსიურად აკვირდებოდნენ.
დამკვირვებლების ინფორმაციითვე, მონიტორები დამატებითი პატრულის შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებით იყვნენ დაკავებული და შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად აკვირდებოდნენ სიტუაციას.
„მისიამ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა, თუმცა მდგომარეობაზე აქტიური კონტროლის მიზნით პატრულირება გააძლიერა. პატრულირების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის შეიარაღებული პერსონალის გადაადგილება შენიშნა. მისიამ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან აღნიშნულ საკითხზე შეშფოთება გამოთქვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროკავშირის მონიტორინგის მისია მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას მოახდენს.