"არა ძალადობას“, „შეუნარჩუნეთ ჩვენს შვილებს სიცოცხლის უფლება“, „არ არსებობს სხვისი შვილი“ ამ ლოზუნგებით დღეს ქალაქ გარდაბნის ცენტრში გარდაბნის რაიონში მცხოვრები ქალები შეკრიბნენ.
ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას სოლიდარობა გამოუცხადა პოლიტიკური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიმა მამუკა არეშიძემ და მისმა შტაბმა.
„ყოველდღიურად მე რამდენიმე შეხვედრა მაქვს და კარგად ვიცნობ გარდაბნის რაიონის მდგომარეობას ყველა სფეროში. აღმაშფოთებელი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. 20 წელია ამ რაიონში არჩევნები არ ჩატარებულა, რაიონის ნახევარზე მეტი მაცხოვრებელი პრობაციონერი და პატიმარია. ვუერთდებით ამ აქციას და ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვება აუცილებლად მოვა. მინდა გავაფრთხილო ჩემი კონკურენტი, რომ ადამიანის უფლებები და ღირსება უმთავრესი ფასეულობაა, მე ავუკრძალე ჩემი შტაბის წევრებს კონკურენტის პლაკატების ჩამოხევა. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი კონკურენტის ყველა კომპრომატი ვიცი, მაგრამ შეგნებულად ვდუმვარ, რადგან ვუფრთხილდები მის ღირსებას - განუცხადა მამუკა არეშიძემ აქციის მონაწილეებს.
აქციის მონაწილეებმა წერილობით მიმართეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თემურ ფეიქრიშვილს და მას ქართული ტელეარხების მიერ უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ადამიანთა წამების და შეურაცყოფის კადრების შემდეგ კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს.
აქციის მონაწილეთა მიმართვა ფეიქრიშვილის შტაბის წევრებმა ჩაიბარეს.