"უფლებადამცველთა გაერთიანება“ სასულიერო პირებს იმ კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, სადაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან პატრიარქზე განხორციელებული ზეწოლის ამსახველი ფაქტებია ასახული. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს კავკასიურ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღალი რანგის მოხელეები, მათ შორის, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი სოსო თოფურიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაია პატრიარქს ხშირად სტუმრობენ და ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას აიძულებდნენ.
„დანამდვილებით ვიცით, რომ არსებობს ხელისუფლების მიერ პატრიარქსა თუ სასულიერო პირებზე ზეწოლის კადრები სამების საკურთხეველში, საპატრიარქოში, ალავერდში, რამდენიმე კადრი გადაღებულია უცხოეთში. ზეწოლა ხორციელდება სხვა სასულიერო პირებზეც, რაც მეუფე სერაფიმემ და საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტმა ლაშა ჟვანიამ ოფიციალურად დაადასტურეს“, - განაცხადა მჟავანაძემ და აღნიშნა, რომ ზეწოლის და მუქარის ამსახველი კადრები პირადად მასაც აქვს ნანახი.
ის მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებმა ეს კადრები საჯარო უნდა გახადონ, რათა საზოგადოებამ ხელისუფლების ნამდვილი სახე დაინახოს. მისივე თქმით, არაერთი სასულიერი პირი თავისი კრიტიკული მოსაზრებების გამო დაკავებულიცაა.
„უშიშროების თანამშრომლები მოძღვრების ქადაგებებს იწერენ და ხელისუფლებისთვის არასასურველი მოსაზრებების შემთხვევაში, შსს-ში იბარებენ. ბევრ მათგანს ფიზიკური ლიკვიდაციითაც ემუქრებიან“, - განაცხადა მჟავანაძემ.