"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ახალაიას განცხადებით, მას საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება არ ეძლევა. ამის შესახებ როლანდ ახალაიამ საკუთარ სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მისი პირველი მოთხოვნა სააგიტაციო შეხვედრების თანაბარი პირობებში ჩატარების საშუალება იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ეხლა ამას იმ პროვოკაციების გამო ვერ ახერხებს, რომელიც ორი დღეა მის მიმართ ხორციელდება.
„მე ამას ვიცავდი დღემდე, მაგრამ აშკარად პროვოკაციულ შეტევებზე გადმოვიდნენ. გუშინ ღამე სახლში დამესხნენ თავს, ვითომ ჟურნალისტები, მე არ ვიცი, ვინ არიან. გადმოვიდნენ ღობეზე, იყო ყვირილი-წივილი, აჟიოტაჟი ატეხეს. ხალხთანაც რომ მივიდვარ, არ მაძლევენ საშუალებას, ვისაუბრო. შემოვარდებიან ხალხში, გვაყენებენ ყველანაირ შეურაცხყოფას, შეკითხვას გვისვამენ და სულ გამოწვევაზე და პროვოცირებაზე არიან", - განაცხადა ახალაიამ.