პროკურატურა ყველას, ვისაც წამების ამსახველი კადრები აქვს პროკურატურაში დაუყოვნებლივ წარმოდგენისკენ მოუწოდებს

პროკურატურა ყველას, ვისაც წამების ამსახველი კადრები აქვს პროკურატურაში დაუყოვნებლივ წარმოდგენისკენ მოუწოდებს

მთავარი პროკურატურა ყველა იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელსაც წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეოჩანაწერი აქვს, ამ მტკიცებულებების პროკურატურაში დაუყოვნებლივ წარმოდგენისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა გამოძიებამ მოახდინოს მყისიერი რეაგირება და აღკვეთოს უკანონობის ყველა გამოვლინება.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია 11 მოხელე. მათ წარედგინათ ბრალი და შეეფარდათ წინასწარი აღკვეთი ღონისძიება.

იმისათვის, რომ დავიცვათ პატიმრები ძალადობისგან და დავსაჯოთ დანაშაულის ჩამდენი პირები, მნიშვნელოვანია გამოძიებას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია წამების ფაქტების შესახებ.

ამიტომ, პატიმართა, მათი ოჯახების და მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ ყველა იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეოჩანაწერი, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ეს მტკიცებულებები პროკურატურაში.

მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა გამოძიებამ მოახდინოს მყისიერი რეაგირება და აღკვეთოს უკანონობის ყველა გამოვლინება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დანაშაულის ჩადენის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების (მათ შორის ვიდეო ფირი არის ასეთი მტკიცებულება) წარუდგენლობა სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია", - აღნიშნულია განცხადებაში.