„ლაბორატორია 1918

„ლაბორატორია 1918"-ის წევრები ორშაბათამდე აქციებს წყვეტენ

მოძრაობა „ლაბორატორია 1918"-ის წევრები ორშაბათამდე აქციებს წყვეტენ. ამის მიზეზად აქციის ორგანიზატორები სამუშაო ჯგუფის შექმნას ასახელებენ, რომელმაც აქციების უკეთ ორგანიზებას უნდა შეუწყოს ხელს.

"ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენლის სანდრო ცაგარელის  განცხადებით, აქამდე გამართულმა აქციებმა უკვე გამოიღო შედეგი -  ბაჩო ახალაია თანამდებობიდან გადადგა. ეხლა კი აქციები ახალი მუხტით უნდა დაიწყოს, ამიტომ მისი თქმით, ამისათვის მეტი ორგანიზებაა საჭირო.

„ჩვენ დავინახეთ, რომ დაახლოებით 30 000 ადამიანის გამოყვანა შეგვიძლია და ამას სჭირდება უფრო მეტი ორგანიზება, უფრო მეტად ჩამოყალიბება, რათა გამორიცხული იყოს ყველანაირი პროვოკაცია და ის, რომ რომელიმე სტუდენტს რამე არ დაუშავდეს. რა თქმა უნდა, ყველა სტუდენტის თავისუფალი ნებაა გამოხატოს პროტესტი, ვისაც უნდა მივიდეს ფილარმონიასთან ან გლდანის ციხესთან, მაგრამ ჩვენ აქციას გავაგრძელებთ ორშაბათს, 15:00 საათიდან", - განაცხადა სანდრო ცაგარელმა.