საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები ქვეყანაში საპროტესტო განწყობას უერთდებიან. ამის შესახებ პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა განცხადება ფონდ „ქომაგის“ ოფისში გააკეთეს.
ისინი მიმდინარე მოვლენებს ყველაზე საშინელს და ამაზრზენს უწოდებენ. მათი განცხადებით, როდესაც მათ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ პატაკები მოტყუებით დააწერინეს და პოლიტიკური ნიშნით 50-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებებლი ეკა ზღულაძე მათთან შეხვედრით არც კი დაინტერესდა.
„ხოლო პრესკონფერენციაზე უტიფრად, ცინიკურად განაცხადა, თითქოს როტაცია მიმდინარეობდა და ჩვენ როტაციაში მონაწილეობაზე პოლიტიკური მოტივით უარი განვაცხადეთ“- აცხადებენ საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ შს მინისტრად სავარაუდოდ, ეკა ზღულაძე ინიშნება.
როგორც ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, ეკა ზღულაძე იმ პირების მფარველია, რომლებიც მათ დათხოვნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ, რაც ყოფილი თანამშრომლები მხრიდან განსხვავებული აზრის არაერთხელ დაფიქსირებასთან იყო დაკავშირებული.
„ეს პირები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი გრიგალაშვილი, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კოტე დიღმელაშვილი და მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზურაბ უკლებაა“- განაცხადეს მათ და აღნიშნეს, რომ დასახელებულმა პირებმა ისინი ქვეყნის მტრებად გამოაცხადეს.
ყოფილი თანაშრომლები აქვე აცხადებენ, რომ მათ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყავთ მთლიანად საპატრულო პოლიციის პირადი შემადგენლობა, რომლებიც იმ სიმართლეს აღიარებენ, რაც ქვეყანაში არსებობს. ამიტომ ისინი მიმართავენ თავიაანთ ყოფილ თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, რამეთუ ისინი ქვეყანას და ხალხს უნდა ემსახურონ და არა რომელიმე სახელისუფლებო პარტიას.
„ასევე, მოვითხოვთ, ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ“ - განაცხადეს საპატრულო პოლიციის ყოფილმა წარმომადგენლებმა.