ირაკლი ღარიბაშვილი: თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ, მორიგი პროვოკაცია მზადდება

ირაკლი ღარიბაშვილი: თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ, მორიგი პროვოკაცია მზადდება

"თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ, მორიგი პროვოკაცია მზადდება“, - ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სააკაშვილის პირადი პატიმრის, თამაზ თამაზაშვილის ადვოკატებმა ლილი გელაშვილმა და შალვა თადუმაძემ გააკეთეს.

მათი ვარაუდით,  ხელისუფლებამ თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციის მიზნით,  შესაძლოა, ცრუ ვიდეომასალები გაავრცელოს.

ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა, რომ თამაზაშვილი მკვლელად, ნარკომანად და დამნაშავედ წარმოეჩინა, უშედეგო აღმოჩნდა. 

მისი თქმით, გავრცელებული უტყუარი მასალებიდან კარგად ჩანს, რომ მათი დაკვეთა ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან ხდებოდა.

„არ მოიძებნება საზოგადოებაში ადამიანი, ვისაც ჩემი სიმამრის პატიოსნებაში ეჭვი ეპარება. სააკაშვილს პირადი მძევალი ჰყავს და ის თამაზ თამაზაშვილია. მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა, ბედავს ასე მოიხსენიოს ჩემი სიმამრი“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ სააკაშვილის პირად პატიმარს ციხეში ბრძანებების გაცემის და გაუგონარი ქმედებების ჩადენა შეძლებოდა.

„სულ მალე, კანონიერი მართლმსაჯულების პირობებში,  თამაზ თამაზაშვილის უდანაშაულობა აუცილებლად დადასტურდება და საერთაშორისო თანამეგობრობა ნახავს, თუ როგორ სჯიდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანებს დღევანდელი ხელისუფლება“, -განაცხადა  ღარიბაშვილმა.

ის ეჭვობს, რომ თამაზ თამაზაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე ემუქრება, რაშიც სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. 

შესაბამისად, ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს, საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგრობას მიმართა.