გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს, სასჯელაღსრულების , პრობაციის იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, გიორგი ტუღუში და ჟურნალისტები შევიდნენ.
ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც პატიმრები ჟურნალისტებს უსვამდნენ იყო „სად იყავით აქამდე?“
თითოეული პატიმარი საკუთარ ისტორიას ჰყვებოდა. ისინი კონკრეტულად, იმ ადამიანების გვარებს ასახელებენ, რომლებიც ამ დრომდე, მათზე ზეწოლას ახდენდნენ. მათი თქმით, ეს ადამიანები სასჯელაღსრულების სისტემაში დღემდე რჩებიან და არჩევნების შემდეგ, სიტუაციის გამწვავებით იმუქრებიან.
ჟურნალისტებმა პატიმრების მიერ დასახელებული ოფიცრების სახელი და გვარები სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, გიორგი ტუღუშს გადასცეს და ის თავის მხრივ, თოთეულ შემთხვევაზე რეაგირების მოხდენას დაჰპირდა.
პატიმრები პროტესტის ნიშნად, ცხაურს არახუნებდნენ, თუმცა აღნიშნავდნენ , რომ ეს უბრალოდ, მათი პროტესტი იყო და რაიმე კანონსაწინააღმდეგოს გაკეთებას არ აპირებდნენ.
ისინი პენიტენციალურ სისტემაში ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ, თუმცა აქვე აღნიშავენ , რომ რაც პატრული შემოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სიტუაცია ცოტა დაწყნარდა.
სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი გიორგი ტუღუში პატიმრებს პირადად ესაუბრებოდა, მათ დამშვიდება სთხოვა და პირობა მისცა, რომ ყველა შემთხვევას გამოიძიებს.
ტუღუშმა აღნიშნა, რომ უკვე გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობდნენ, როდესაც წამების ცნობილი კადრებია გადაღებული.
მან საზოგადოებას დამშვიდებისკენ მოუწოდა და მედიის წარმომადგენლებს სთხოვა საზოგადოებას ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდონ.
„ახლა კარგად ვართ. კარგად გვექცევიან, რას იზამენ აბა, მშობლები და ყველანი გარეთ არიან. გაგვათავისუფლეთ მკვლელებისგან ! გვკლავენ, გვაწამებდნენ, ცემაში გვხდიდნენ სულს. სიცილისთვის ექვსი კაცი გვკლავდა! შემოდით, სახელს და გვარებს გეტყვით! ძიძიგური ზაზა, მამუკა, მალხაზი, გოგია აქაური ოფიცრები არიან. ყველანი აქ მუშაობენ.
პატრული როგორც კი, მიეფარება ფანჯრებთან მოდიან და უცენზურო სიტყვებით მოგვმართავენ. ქვეყანას, თუ უნდა ციხე დაწყნარდეს და ნორმალურად იყოს ყველაფერი, არ ვიძახი, რომ ტყუილად ვარ დაჭერილი, მომახედვინეთ სასჯელი, მაგრამ აქ ვინც მუშაობდა და მუშაობს ყველა მოაშორეთ ამ ტერიტორიას.
აქ მკვლელობები მოხდება. არჩევნების შემდეგ სასწაული იქნება. გვემუქრებიან, მერე ნახეთ . ოფიცრები, ძველი თანამშრომლები გვემუქრებიან. გეხვეწებით, გაგვათავისუფლებთ მკვლელებისგან ! - აცხადებენ პატიმრები.
პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ ძლივს გადარჩნენ. „მურთაზი ვარ, კარგად ვარ, გიორგი ვარ მოკითხვა ჩემებს, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს“, - სკანდირებდნენ პატიმრები გისოსებიდან.
პატიმრებმა მოითხოვეს თითოეული მათგანის ისტორია, თითოეულის საქმე გამოძიებული იყოს და ის ადამიანები დაისაჯონ, რომელიც დღემდე, ამ სისტემაში მუშაობენ.
ამჟამად, ციხის გარეთ სიმშვიდეა. პატიმართა მშობლები ხვალ, პაემანზე თავიანთ რიგს მშვიდად ელოდებიან.