ბაჩო ახალაიას მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე 9 დღე რჩება. კოალიცია „ქართული ოცნების“ დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, პრეზიდენტი არჩევნებამდე წარუდგენს პარლამენტს ახალ შემადგენლობას თუ მის შემდეგ, არსებითი მნიშვნელობა უკვე არ აქვს.
„გასათვალისწინებელია ის, რომ არჩევნების თარიღს აქ მნიშვნელობა არ აქვს. იმის გამო, რომ მინისტრების 1/3 იცვლება, უნდა შედგეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. როგორც გუშინ ხუროშვილმა განაცხადა, ერთ კვირაში წარდგენა მოხდება. ამისთვის პარლამენტი შეიკრიბება“,-აცხადებს ხმალაძე.
ხმალაძის აზრით, საკითხავი ის არის, სად შეიკრიბება პარლამენტი, რადგან თბილისის პარლამენტი დაშლილია, ქუთაისში კი არ იცის რა მდგომარეობაა, თუმცა თვლის, რომ მოახერხებენ ალბათ ქუთაისში შეკრებას.
ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საინტერესო ამბები მას შემდეგ განვითარდება, რაც არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტი შეიკრიბება, რომელსაც მოქმედმა პრეზიდენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს. „ ოქტომბრის ოცამდე არჩევნების შედეგები გამოცხადდება და ახალი პარლამენტი შეიკრიბება. მანამდე არსებითი მნიშვნელობა, ჩემთვის ყოველშემთხვევაში, ვინ იქნება მინისტრი, არ აქვს, რადგან ამ ხელისუფლების და მთავრობის არსი არ იცვლება“,-განმარტავს ხმალაძე.
რაც შეეხება იმას, ვინ შეიძლება დასახელდეს მინისტრის პოსტზე, ხმალაძე აცხადებს, რომ აღარც ამ ფაქტს აქვს მნიშვნელობა. „შეიძლება ეს ისეთივე მოულოდნელი კანდიდატურაც იყოს, როგორც მაგალითად, გიორგი ტუღუშის კანდიდატურა სასჯელაღსრულების და მინისტრის პოსტზე, საქმე ის არის, რეალურად ვინ მართავს შს სამინისტროს, თორემ პეტრე იქნება თუ პავლე, ვიმეორებ, მნიშვნელობა აღარ ექნება“,-აცხადებს ხმალაძე.