ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის ვასილ ჭყოიძის შეფასებით, უკვე ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად დანიშვნა, ზნეობრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო.
„ტუღუში პენიტენციალური სისტემის ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო და სწორედ, მან ამხილა საჯაროდ ის მოვლენები, რომლებსაც საზოგადოება, თუნდაც ახლა ამ ვიდეო ჩანაწერებით ხედავდა. შესაბამისად, ეს პოლიტიკურად და ზნეობრივად, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება, პროფესიონალური თვალსაზრისით, რამდენად გაართმევს იგი თავს დაკისრებულ მოვალეობებს, რა თქმა უნდა, ამის პროგნოზირება ძნელია, თუმცა მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში ეს პრობლემა აღარ დაფიქსირდეს“, - განაცხადა ჭყოიძემ.