"სახალხო კრების“ მიიჩნევს, რომ სიმახინჯე პენიტენციალურ სისტემაში, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ძალადობის მანქანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამის შესახებ „სახაალხო კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის გადარჩენის, საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების და მათ შორის რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების მოპოვების ერთადერთი შანსი არსებული რეჟიმის რეალური შეცვლაა. ამიტომ საზოგადოებას მოძალადე რეჟიმის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გასაშვებად ერთიანობისკენ მოუწოდებს.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„სახალხო კრება“ გმობს პატიმრებზე ძალადობის საზარელ ფაქტებს, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი.
ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში ჩამოყალიბებული არანორმალური ვითარება - პატიმრების ცემა, წამება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სექსუალური ძალადობა და ა.შ. - უკვე დიდი ხანია ცნობილია, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ამ საზარელი ფაქტების დამამტკიცებელი ვიდეომასალის ხილვამ გამოიწვია ადექვატური აღშფოთება.
მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული ფაქტების ერთეულ შემთხვევად გასაღებას და ამაზე ვითომდა აღშფოთებისა თუ გაბრაზების დემონსტრირებას, ფაქტია, რომ ეს სიმახინჯე პენიტენციალურ სისტემაში, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ძალადობის მანქანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს პრეზიდენტის აღშფოთება რომ თვალთმაქცობაა, ისიც ნათლად აჩვენებს, რომ დღეს პასუხისგებაში არ არიან მიცემული შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, პრემიერმინისტრი (ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი) ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და ექს-მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და ექს-მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
„სახალხო კრება“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მთელი ამ ძალადობის ავტორი, იდეოლოგი და უმთავრესი დამნაშავე გახლავთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა. სწორედ ამიტომ, „სახალხო კრება“ დაარსების დღიდან აცხადებდა, რომ ქვეყნის გადარჩენის, საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების და მათ შორის რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების მოპოვების ერთადერთი შანსი არსებული რეჟიმის რეალური შეცვლაა. სწორედ ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ 2011 წლის 26 მაისს, როდესაც დამნაშავე ხელისუფლებამ სადამსჯელო სისხლიანი სპეცოპერაცია და უპრეცედენტო ტერორი მოგვიწყო. ჩვენ მაშინ ვერ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ არ იქნა გამოხატული მინიმალური სოლიდარობაც კი.
„სახალხო კრება“ მოუწოდებს ყველას, რომ დღეს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც არ გაუშვათ ხელიდან შანსი, გავტეხოთ შიში, ვიყოთ სოლიდარულნი, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ყველაფერი გავაკეთოთ არსებული მანკიერი, მოძალადე რეჟიმის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გასაშვებად და ქვეყნის გადასარჩენად“, - აღნიშნულია განცხადებაში.