ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი Huffington Post- ში ირონიული სათაურის სტატიას- A Game of Georgian Chicken აქვეყნებს, სადაც მან ქართული დემოკრატია გაბრტყელებულ ქათამს შეადარა.
სტატიის თანახმად, მიტჩელი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია ტაბაკა ვარიასავით გააბრტყელეს, ასე რომ ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში ადგილი დარჩა პოლიტიკური რეპრესიებისათვისაც, პრესის და მედიის თავისუფლების შეზღუდვისათვისაც და საერთო შიშის კლიმატისთვისაც.
„ახლახან გახმაურებული შემზარავი ვიდეო ციხეში პატიმრების წამების შესახებ მხოლოდ ადასტურებს ამ ფაქტს და ახდენს საქართველოს დღევანდელი ცხოვრების წესის დემონსტრირებას. ამ უკანასკნელმა სკანდალმა კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება და დარტყმა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ ისედაც დაკნინებულ რეპუტაციას, ხოლო მთავრობა კი, იმის მაგივრად, რომ მდგომარეობა გამოასწოროს ან თავი მაინც გაიმართლოს, კვლავ ჯიუტად იცავს თავის მთავარ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ ძალებს წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი, არ სცნონ არჩევნების შედეგები, ქუჩებში გამოვიდნენ და დასავლეთის ჩარევა მოითხოვონ“, - წერს მიტჩელი.
ასეთი რიტორიკით, მიტჩელის აზრით, საქართველოს მთავრობამ შეიმზადა მორალური ნიადაგი იმისათვის, რომ თუ საჭირო გახდება, არჩევნები გააყალბოს და შემდგომ ყველაფერი ოპოზიციის წინასწარგანზრახულ პროტესტს გადააბრალოს.
მიტჩელი ამ პროცესებში დასავლეთის როლზეც საუბრობს. მისი აზრით, დასავლეთს შეუძლია თვალი დახუჭოს საქართველოს მთავრობის უსაქციელობაზე ან კრიჭაში ჩაუდგეს მას და არჩევნების ლეგიტიმურობის შედეგი დასვას.
„ეს დილემა კი, დასავლეთს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ერთი მხრივ სასწორზე დგას მისი, როგორც არბიტრის პრესტიჟი, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონში გრძელვადიანი დესტაბილიზაციის საფრთხე“, - წერს მიტჩელი.
ამასთან, მიტჩელი სტატიაში წერს, რომ ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე დელიკატესი ტაბაკა ქათამია, რომლის მოსამზადებლადაც საჭიროა, ქათამი ჯერ გააბრტყელო და მერე შეწვა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ქათმის შეწვის ეს ხერხი ძალიან მიესადაგება ქართული დემოკრატიის მშენებლობის პრინციპებს.
საქართველოში მიმდინარე პრობლემებზე საუბრობენ ასევე ინდეპენდენტ-ის ანალიტიკოსი შონ უოლკერი და BBC-ის დემიენ მაკგინესი.
„არჩევნების წინ ასეთი ტიპის ვიდეოს გავრცელება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად დააზარალებს პრეზიდენტ სააკაშვილის, როგორც მოდერნიზატორის იმიჯს“, - აღნიშნავს უოლკერი, ხოლო მაკგინესი BBC-სთვის მოზადებულ რეპორტაჟში - „ქართული არჩევნები: გააფთრებული პიარ ბრძოლა“ ხაზს უსვამს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, რომელიც ორი დაპირისპირებული ბანაკიდან დასავლეთს მიეწოდება: „მაშინ, როცა სააკაშვილი ირწმუნება, რომ მომავალი არჩევნები იქნება ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის ისტორიაში, დასავლური მედიას მეორე, სავსებით განსხვავებული ისტორიაც მიეწოდება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ავტოკრატია, ქვეყანას რკინის ხელით მართავს და პირდაპირი პასუხისმგებლობა აკისრია აგვისტოს ომის გაჩაღებაში“.