მთავარმა პროკურატურამ გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორის, დავით აკობიას ჩვენება გაავრცელა.
ჩვენებაში აკობია იმ პირებს ასახელებს, რომელმაც ფარული ჩანაწერის გადაღება დაავალეს და რომლისთვისაც გადაღებული მასალა უნდა გადაეცა.
„5 აგისტოს გლდანის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორი ბორის ფარულავა დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. მე დავთანხმდი. შეხვედრაზე ის ანერვიულებული ჩანდა. მან მითხრა მიზეზი, რომ გადაღებული ჰქონდა გლდანის კადრები, რომელზეც პატიმრის ცემა და ასეთი რაღაცები იყო დაფიქსირებული რომ გაიგონ დაგვიჭერენ, ამიტომ საზღვარგარეთ უნდა წავიდ, მაგრამ კიდევ ერთი კადრი მინდა, რომელიც თუ შეგიძლია შენ გადაიღეო. ამის სანაცვლოდ ის დამპირდა სოლიდურ თანხას. 24 აგვისტოს, როცა „სმენაში“ ვიყავი, ბორის ფარულავამ შემომიტანა პატარა კამერა, რომელიც შარვალზე უნდა დამემაგრებინა - ღილს გავდა და კარანტინის დაშლის კადრი უნდა გადამეღო. ეს გავაკეთე. 25 აგვისტოს გამოვედი სამსახურიდან, ვნახე ფარულავა და გადავეცი. მან მითხრა, რომ ის უნდა გავუგზავნო ლადო ბედუკაძეს, რომელიც ბელგიაშიაო, შენ კი ბედუკაძე 28-ში დაგირეკავსო. 28-ში ის მართლაც დამიკავშირდა და მითხრა, რომ შენს გვერდში ვიქნები, დაგეხმარები ფულითაც და ყველაფრითო. გზის ფულს მოგცემს ბორის ფარულავა, დანარჩენს მე მივხედავო. 29 აგვისტოს ბორის ფარულავა ისევ დამიკავშირდა და გადმომცა 400 დოლარი - გზის ფული და მითხრა, რომ 18 ან 19 სექტემბერს საქართველო უნდა დამეტოვებინა, წავსულიყავი სომხეთში, იქედან კი უკრაინაში, სადაც „სკაიპის“ საშუალებით დავუკავშირდებოდი ლადო ბედუკაძეს, რომელიც იქ შემხვდებოდა და ყველანაირად დამეხმარებოდა, მატერიალურადაც და ყველანაირად“, - აცხადებს აკობია ჩვენებაში.
დავით აკობია სამართალდამცველებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე აიყვანეს.