24- ე სკოლის დირექტორი და პედაგოგი გია მურღულია საკუთარ ბლოგზე giamurgulia.livejournal.com პატიმრების ცემისა და წამების ფაქტებზე მასალას სათაურით, მრავალფუნქციური ცოცხი ანუ კორპორაციული ზნეობა აქვეყნებს. მისი თქმით, გავრცელებული კადრები არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც ყველაფრის მალე დამვიწყებელ ქართველ საზოგადოებასაც კი შეიძლება "შემოედროოს".
რაც ვიხილეთ, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი სახელმწიფო ავად არის - არავის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ცალკეული მიმართულებით მცირე ან დიდ წარმატებებზე ისაუბროს.
„ცოცხის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ გახვეტოს. ცხადია, შეიძლება მისი სხვა დანიშნულებებითაც გამოყენება - ეს დამოკიდებულია ფანტაზიაზე, საჭიროებაზე ან (ეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია!) - ზნეობაზე. უწყინარ ზღაპრულ ფანტაზიაში ზოგიერთი პერსონაჟი ცოცხით დაფრინავს, მავანი უსაქმურები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო შორს გადააგდებს ამ ნივთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში ჩვენი ტელევიზიებით ვიხილეთ, მხოლოდ ნაძირლური შიზოფრენიით შეიძლება აიხსნას. ის გონება თუ განწყობა, რომელიც კაცის ცოცხით გაუპატიურებას მოიფიქრებს და განახორციელებს, ეშმაკის სიამოვნებას ემსახურება და მის ბუნებას გამოხატავს.
ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც ყველაფრის მალე დამვიწყებელ ქართველ საზოგადოებასაც კი შეიძლება „შემოედროოს“. რაც ვიხილეთ, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი სახელმწიფო ავად არის - არავის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ცალკეული მიმართულებებით მცირე ან დიდ წარმატებებზე ისაუბროს, როდესაც ასეთი „სისტემური მარცხი“ (დავამატებდი: დიდი მენტალური მარცხიც) მკაფიოდ თვალსაჩინოა და ამას პირველი პირები საჯაროდ აცხადებენ.
დაუშვებელია, საქმე სადმე კარგად იყოს, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები (ვინც ეკრანზე ვიხილეთ, სწორედ ასეთი სტატუსის მატარებელნი არიან) მუდმივად არიან დაკავებულნი ადამიანის ნებისა და ღირსების დათრგუნვითა და შეურაცხყოფით. ეს არ არის უბრალოდ „სასჯელი“. ეს არის პიროვნების განადგურება. ეს არის ტკბობა ადამიანის ბუნების გახრწნით - და არა მხოლოდ ტკბობა, არამედ - თვითტკბობაც, რადგან ვინც სხვას ექცევა ასეთი სადიზმით, საკუთარ თავსაც იმავეს უკეთებს.
არსებითი კითხვაა: რა აიძულებს ამ მოძალადეებს, უარი თქვან ადამიანის ბუნებაზე და ცხოველის ბუნება მიიღონ? ვის იმედად არიან? არავითარი ეჭვი არ არის, რომ ისინი ამას ხშირად აკეთებდნენ და აკეთებენ - ამგვარი „პროფესიონალიზმის“ ბევრი ნიშანი ჩანს. რა გარანტია ჰქონდათ, რომ ეს საშინელი დანაშაული არ გამოაშკარავდებოდა? იქნებ, არც ეშინოდათ გამოაშკარავების? დააკვირდით, რა მშვიდად და დანაშაულებრივი ნიშნისმოგებით მიმართავენ თავიანთ მსხვერპლს? არანაირ შიშს არ გრძნობენ იმის გამო, რომ სხვებს უნერგავენ უკურნებელ შიშს.
ეს ამბავი, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის არის უზარმაზარი დარტყმა - მითუმეტეს არჩევნების წინ (ეს ბოლო სიტყვები ფაქტისთვის აღვნიშნე, თორემ ისე რა მნიშვნელობა აქვს, ამგვარ გახრწნას როდის მოესწრება კაცი). ასეთი ქცევა, რომელიც ღირსების სიკვდილია, სიტყვა „ნაძირალასაც“ კი აკეთილშობილებს - ესენი ნაძირლებს ბევრად აღემატებიან. მე ვერ ვხედავ სიტუაციის იმგვარ განვითარებას, რაც ხელისუფლებას საშუალებასა და შესაძლებლობას მისცემს (აღარ ვახსენებ სიტყვა „უფლებას“,) ასეთი „მძიმე შეცდომა“ გადაფაროს და საზოგადოების ყურადღება რომელიმე სხვა თემაზე გადაიტანოს - ამისთვის დრო და რესურსი პრაქტიკულად არ არსებობს.
ასეთ საქმეებს დიდი, ხანგრძლივი და მრავალწახნაგოვანი გამოძიება არ სჭირდება - ამიტომ დავინახეთ ბოლო 2 დღეში ბევრი ხელისუფლების ნიშნით აღბეჭდილი ადამიანი, რომელიც მძაფრი სიტყვებით ახასიათებდა მომხდარს და იღებდა „პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, თუმცა სიტყვა „პასუხისმგებლობის“ მნიშვნელობა, სამწუხაროდ, მთლად სწორად არ არის აღქმული და გაცნობიერებული. ეს სიტყვა არ სცნობს თეატრალურ კითხვას: „მერე მე არაფერი არ მამივა?“ სრულიად ნათელია, რომ რაც მოხდა, ხელისუფლების უშუალო და „მოუცილებელი“ პასუხისმგებლობაა. „სისტემური პრობლემები არ არსებობსო“, აცხადებდნენ ცოტა ხნის წინ. ახლა კი ირკვევა, რომ ძალიან მაგრადაც არსებობს. არაერთ ოფიციალურ შეფასებასა და დასკვნას რომ იგნორირებას გაუკეთებ და დასაცინად აიგდებ, შემდეგ მოვლენებისა და ფაქტების არასწორი (განზრახ თუ უნებლიე) ხედვისთვის პასუხს რომ მოგთხოვენ და ნდობას არ გამოგიცხადებენ, არ უნდა გაგიკვირდეს. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ რაც კარგი გაგიკეთებია, იმასაც აღარავინ ჩაგითვლის წარმატებად და კარგ კაცობად - თუ თეთრ მაისურზე „უცხო წარმოშობის“ დიდი წითელი ლაქა გაცხია, ვერავის დააჯერებ, რომ მაისური გასარეცხი არ არის (პრეზიდენტმაც კი თქვა ისეთი სიტყვები, რომლებიც მისთვის ადვილი სათქმელი არ იქნებოდა: „მთავარი რაღაცა აღმოჩნდა ისეთივე საზიზღარი, როგორიც იყო ძველ დროს“). სრულიად ნათელია, რომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოლიტიკურ პოზიციაზე დგას - მომხდარ ფაქტს ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია აქვს.
ახლა პირველ წინადადებას დავუბრუნდეთ და მოკლე დასკვნა გავაკეთოთ:
ცოცხი, რომელიც იმ ამაზრზენ კადრებში ერთ სრულიად უადგილო ადგილას ვიხილეთ, შესაძლოა, სიმბოლურად ( ან - ნაკლებსიმბოლურად) იმ ცოცხად იქცეს, რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციას შეასრულებს. დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა ამ ფუნქციისკენ გაცილებით მეტად იხრება. რატომ? იმიტომ რომ, ზნეობა ზედმეტად მთლიანი რამ არის საიმისოდ, რომ მხოლოდ „ცალფად“ აისახოს და კორპორაციულ ფუფუნებად იქცეს - მხოლოდ ის გამოხატოს, რაც მთელი საზოგადოებისთვის კი არა, მხოლოდ ზოგიერთებისთვის არის სასარგებლო. სიკეთე განუყოფელია - ის ან არსებობს, ან არა. მისი ნაწილობრივი არსებობა შეუძლებელია.