სახალხო დამცველის მოადგილე ტატა ხუნწარიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გლდანის #8-ე, ზუგდიდის #4-ე, ბათუმის #3-ე და ქუთაისის #2-ე საპყრობილეების პატიმრებს ფანჯრები ამოუქოლეს და წყალი არ მიეწოდებათ, არ დასტურდება.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გუშინ და დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელეს მონიტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში. ისინი იმყოფებოდნენ ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში და აღნიშნა, რომ ყველგან სიმშვიდეა.
„ამჟამად ყველა დაწესებულებაში სიმშვიდეა. გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პატიმრებს ფანჯრები ამოულუქეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ტატა ხუნწარიამ.