გლდანის მე-8 საპყრობილეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უკვე შევიდნენ. პატრულის თანამშრომლები ციხესთან ორი დიდი და ორი პატარა მანქანით მიიყვანეს. მათ ახლავთ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და პრემიერ-მინისტრის აპარატის თანამშრომელი შოთა უტიაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, დატოვეს თუ არა უკვე ციხის ტერიტორია ბადრაგის თანამშრომლებმა, რადგან ისინი შენობიდან გამოსული ჟურნალისტებს ჯერ არ უნახავთ.
მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საპატრულო პოლიციის შეყვანა დაავალა. როგორც პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს დროებითი ღონისძიებაა, სანამ დაწესებულებებში გადახალისება მოხდება.