ირაკლი ზუგდიდში გამარჯვებას მამის ხსოვნას მიუძღვნის!

ირაკლი ზუგდიდში გამარჯვებას მამის ხსოვნას მიუძღვნის!

 "მართალია, ირაკლი ბრძოლებში ღრიალ-ღრიალით არასოდეს იჭრება, მაგრამ მუდამ იქაა, სადაც ცხელი წერტილია, სადაც სამშობლოს ბედი წყდება და სადაც გმირები ცხოვრობენ.... როცა უსამართლობას ხედავს, უნდა რომ იბრძოლოს და გამოასწოროს. ირაკლის ოცნება ძალიან ფასეულია და ეს ოცნება საქართველოს გამთლიანება და მასშტაბური სიკეთის კეთებაა!“

  ...მასზე ამბობენ, რომ ქვეყნის მომავალი პირველი ლედია, თუმცა თვითონ ამ თემაზე არ ლაპარაკობს და ამბობს, პირველი ლედობა ისეთი რამ არაა, რაზეც ადამიანმა უნდა იოცნებოსო... შეკითხვაზე - რეალისტია თუ მეოცნებე, პასუხობს, მეოცნებე უფრო ირაკლიაო... ნათია ფანჯიკიძე მეუღლის სხვა თვისებებსაც მიმხელს - სამართლიანობა, კაცთმოყვარეობა და ფასეულობათა პატივისცემა... სხვათა შორის, „თავისუფალი დემოკრატების“  ლიდერი და „ქართული ოცნების“  ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია პირველი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ, ოკუპირებულ სოხუმში ჩავიდა.

მაშინ სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებს ირაკლისთვის შეუთავაზებიათ, თუ გინდა, მამის ცხედარი თბილისში გადაასვენეო, მაგრამ საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ვაჟს, ევროპული ყაიდის პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას უთქვამს, მამაჩემს მაშინ გადავასვენებ, როცა დავბრუნდებიო... თუკი ამ ეპიზოდს გავაანალიზებთ, შეიძლება, დავასკვნათ, რომ ირაკლი ალასანია ღირსეული ადამიანია...

ისე, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ამ შეფასებისთვის, შესაძლოა, მიკერძოება დამწამონ. ვიღაც, ალბათ, იმასაც იტყვის, პოლიტიკოსის მეუღლესთან სტუმრობა და მასთან ერთად ვახშმობა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევააო, მაგრამ ნათია ფანჯიკიძესთან `ოცნების~ შექმნამდეც ვმეგობრობდი. ასე რომ, ამ თემას აღარ განვავრცობ... ვახშამი ვახსენე და, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას მეუღლესთან, მწერალ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილთან, ნათია ფანჯიკიძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყე: 

 - ნათია, სადილ-ვახშამს ყოველთვის შენ ამზადებ?

- კი, რა თქმა უნდა. ეგ ბედნიერება, როცა არაფერს ვაკეთებდი და სკოლიდან დაბრუნებულს შინ დედის სამზარეულოს სურნელი მხვდებოდა, მოსწავლეობის დროს მქონდა, რაც ძალიან მენატრება.

- ცხადია, ბავშვობაში ვერ დაბრუნდები, მაგრამ სამაგიეროდ, ხმა დადის, რომ შენი მეუღლე, ირაკლი ალასანია მომავალი პრეზიდენტია... ამასაც თავი რომ დავანებოთ, საქმიანი ადამიანი ხარ და, წესით, დამხმარე უნდა გყავდეს, რომელიც სახლის საქმეებს მოგიგვარებს, თუ გირჩევია, რომ ქმარ-შვილს თავად მიხედო?

 - ვანო, სიმართლე გითხრა, არ მესმის, პოლიტიკოსის ცოლობა სადილისა და ვახშმის მომზადებასთან რა კავშირშია? სხვათა შორის, ძიძაც არ მყოლია და მართალია, საკმაოდ პატარა ვიყავი, მაგრამ იმ ასაკში შვილები შეგნებულად გავაჩინე... კვირაში ერთხელ, ერთი საყვარელი ქალბატონო მოდის, რომელიც იმ საქმეების გაკეთებაში მეხმარება, რომელსაც ფიზიკური დატვირთვა სჭირდება...

ნათია, სიმართლე რომ ითქვას, საზოგადოების ყურადღება არც გათხოვებამდე გაკლდა, მაგრამ გურამ ფანჯიკიძის შვილობა და ირაკლი ალასანიას მეუღლეობა განსხვავებული, ასე ვთქვათ, ცნობადობაა.

- კი, განსხვავება ძალიან დიდია. პოპულარული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ როცა მწერლის შვილი ან, სულაც, ვთქვათ, მომღერალი ხარ, ეს უფრო პოზიტიური პოპულარობაა. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებს სახელი გატეხილი აქვთ, შესაბამისად, პოლიტიკური პოპულარობის მთავარი ნეგატიური მხარე ისაა, რომ წინასწარ ჩასაფრებული და კრიტიკული განწყობა არსებობს, ანუ არსებობს წინასწარ დაპირისპირებული ჯგუფი, რომელსაც თითქოს ევალება, რომ უნდა სძულდე, მით უმეტეს, რომ ეს სიძულვილი მთავრობისგან, ანუ ზემოდანაა ნებადართული.

როგორ ფიქრობ, არსებობს სპეციალურად შექმნილი ისეთი ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ალასანიასა და მისი ოჯახის სიძულვილი აქვს დავალებული?

-  ეს არ ვიცი, მაგრამ ირაკლის მიმართ ტალახის სროლა და ცილისწამება უკვე მტრობაა. თავდაპირველად ყველაფერ ამას ძალიან განვიცდიდი და ჩემს ერთ მეგობართან დავიწუწუნე, ირაკლიზე რა საშინელ რაღაცებს წერენ-მეთქი. ჩემმა მეგობარმა მომიგო, ხალხს შვილები დაუხოცეს, სახლები დაუნგრიეს, ბიზნესი წაართვეს და შენ კი, ისიც არ გინდა, რომ ამხელა ბრძოლაში შესულს ტალახი გესროლონო? ამ სიტყვებმა აზრზე უცებ მომიყვანა...

ბოლო დრომდე პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას ერიდებოდი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის მაჟორიტარად რომ წარადგინა, ირაკლი ალასანიას გვერდით იდექი. ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგი, რომ ამას პოლიტიკური პიარი ითხოვს?

- პოლიტიკა, როგორც საქმიანობა, ჩემთვის ლაბირინთია, რომელშიც ვერ ვერკვევი და ამ კუთხით არ მაინტერსებს, თორემ დიდი სიყალბე იქნება, რომ ვთქვა, ჩემი უპირველესი მეგობრის, ჩემი ქმრის წარმატება არ მაინტერესებს-მეთქი.

რაც შეეხება მაჟორიტარად წარდგენაზე გამოჩენას, ვთვლი, რომ ირაკლის ზუგდიდის მაჟორიტარობა მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. ირაკლის ცხოვრების გზა მამამისის სიკვდილმა მნიშვნელოვნად შეცვალა და მას მერე ირაკლის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი აფხაზეთის ომს უკავშირდება. ამიტომ, როგორც ჩანს, ირაკლი თბილისის მერი არ უნდა გამხდარიყო, ის ზუგდიდის მაჟორიტარი უნდა იყოს  და ეს გამარჯვება მამის ხსოვნას უნდა მიუძღვნას! შესაბამისად, ამ მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით უნდა ვიდგე!..

 -ნათია, რა ამის პასუხია და, ვინ იცის, ამ წუთას იქნებ, ქვეყნის მომავალ პირველ ლედის ველაპარაკები...

- ასეთი განცდა არ მაქვს...

პირველი ლედი რომ გახდები, მაშინაც ასეთი უშუალო იქნები, ანუ ფეისბუქზე ისევ მეჭორავებ-მემესიჯები ხოლმე?

- ვანო, ვთვლი, რომ პიროვნულად დიდი ხანია ჩამოვყალიბდი...

-ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანებს ძალაუფლება სცვლის ხოლმე...

- ჩემი ყველაზე დიდი ძალაუფლება სიყვარულის უნარია!

-ნათია, დღეს ოცნება მოდურია. ჰოდა, მეოცნებე ხარ თუ რეალისტი?

- რეალისტი ვარ, ირაკლი კი, უფრო მეოცნებეა -მართალია, ბრძოლებში ღრიალ-ღრიალით არასოდეს იჭრება, მაგრამ მუდამ იქაა, სადაც ცხელი წერტილია, სადაც სამშობლოს ბედი წყდება და სადაც გმირები ცხოვრობენ.

-ანუ, ირაკლი ალასანია გმირის ნატურაა?

- ყოველ შემთხვევაში, როცა უსამართლობას ხედავს, უნდა რომ იბრძოლოს და გამოასწოროს. ირაკლის ოცნება ძალიან ფასეულია.

-და ეს ოცნება რა არის?

- საქართველოს გამთლიანება და მასშტაბური სიკეთის კეთება.

რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, შენც კი, გადამეტებულად ჩამითვალო, მაგრამ აჩვენეთ ნათია ფანჯიკიძე ძალიან ბევრ ადამიანს და ყველაფერი კარგად იქნება!

-ვანო, ეს უკვე მართლა მიკერძოებაა.

 -შეიძლება, მაგრამ არც იმას დაგიმალავ, რომ ვიდრე გაგიცნობდი, ძალიან არ მომწონდი...

- რას მერჩოდი?.. ადამიანები ვიღაცას შორიდან ითვალწუნებენ, ან შორიდანვე არაჩვეულებრივობას მიაწერენ ხოლმე, მაგრამ არის კი ვინმე არაჩვეულებრივი?..

-ჩვეულებრივი ცოლი ხარ, ანუ ირაკლის მეორე დღისთვის ტანსაცმელს შენ ურჩევ?

-არ ვიცი, რის ჩაცმას გადაწყვეტს. ამიტომ, პერანგები ყოველთვის გამზადებული აქვს. ვეხუმრები ხოლმე, კარგად მოვლილი მყავხარ-მეთქი. ჩემი შრომის გაზვიადებით, ცხადია, მადლიერებას ვავალდებულებ. მეც ვიცი ცოტა ქალური ეშმაკობა.

- ოჯახური წვრილმან-მსხვილმანის მოსაგვარებლად შენს ხელფასს ხარჯავ თუ ყველაფერ ამას ირაკლი, ასე ვთქვათ, აფინანსებს?

-სანამ მაქვს, ჩემსას ვხარჯავ.

კომუნალურ გადასახადებზე რამდენი მიგდით?

 -ზამთარში 400 ლარამდე ვიხდით ხოლმე.

-ელექტროენერგიისა და ნაგვის გადაბმული გადასახადი გაწუხებს?

- ეს, რა თქმა უნდა, დიდი უსამართლობაა.

-ბაზარში შენ დადიხარ თუ ირაკლი?

- მე. ყველს ლეონიძის ქუჩის კუთხეში ვყიდულობ ხოლმე, რადგან ჯერ ერთი, კარგი ყველია, მეორეც, იაფია. სხვათა შორის, ირაკლიმ კარგი ვაჭრობა არ იცის - ძვირს იხდის და არც კარგი პროდუქტი მოაქვს. ისე, გლეხთან შევაჭრება მეც მერიდება ხოლმე...

 -ნათია, შენსა და ირაკლის ცხოვრებაში თუ ყოფილა ისეთი მომეტი, თუნდაც  მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, როცა, უტრირებულად რომ ვთქვა, პურის ფული არ გქონიათ და მშივრებს დაგიძინიათ?

- ვანო, საქართველო დალოცვილი და საოცრებების ქვეყანაა და ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვეხმარებოდნენ...

-ისე, სირცხვილიც იქნებოდა, რომ გურამ ფანჯიკიძისა და ეროვნული გმირის, მამია ალასანიას შვილებს მოშიებოდათ...

-ისიც სირცხვილი იქნებოდა, რომ ძალიან ბევრი გვქონოდა...

- რა ამის პასუხია და, ბოლო დროს ხელისუფალთა ლექსიკონში ახალი ტერმინი გაჩნდა _ კლასი. პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ოცნების მისამართით ისიც კი თქვა, ეს კლასი უნდა განადგურდესო. ნათია, თავს გასანადგურებლად განწირული კლასის წარმომადგენლად თვლი?

-  ჩემთვის ძნელი გასაგებია,“კლასში“ რას გულისხმობენ, ანუ მათ თვალში „ოცნება“ ჩამოყალიბებული კლასია?

ამას ვერ გეტყვი, მაგრამ ნაციონალები თვლიან, რომ ოცნება წარსულში დაბრუნებას გვიპირებს. ჰოდა, ერთი გამაგებინე, წარსულისკენ რატომ მექაჩები?

-  ბიძინა ივანიშვილის სახლის, თანამედროვე ხელოვნების მიმართ მისი ინტერესისა თუ ბერას რეპით, მგონი, ჩანს, რომ წარსულისკენ არავინ იყურება. საერთოდ, ქვეცნობიერს რაღაცის, ასე ვთქვათ, ამოძახილი ახასიათებს და ისინი ქვეყნის წარსულში დაბრუნებაზე კი არა, იმაზე დარდობენ, მათ საკუთარ წარსულში არ დააბრუნოს ვინმემ.

ანუ, იმ წარსულში, როცა, როგორც ამბობენ, ცალ-ცალი კალოში ეცვათ?

- ასეთი ღარიბი არც ერთი ყოფილა, რომ ცალ-ცალი კალოში სცმოდა, მაგრამ ალბათ იმ წარსულში დაბრუნების ეშინიათ, როცა ასეთი თანამდებობები არ ჰქონდათ და თვლიდნენ, რომ არავინ იყვნენ...

- ნათია, მოდი, ახლა მამია ალასანიაზე მიამბე... როცა აფხაზებმა დახვრიტეს, უკვე ირაკლის ცოლი იყავი?

- კი, ეს ტრაგედია რომ მოხდა, ჩვენი პირველი შვილი, ნიკუშა ათი თვის იყო...

ისეთი ურთიერთობა გქონდათ, როგორიც რძალ-მამამთილს აქვს?

- არაჩვეულებრივად თბილი ურთიერთობა გვქონდა. საერთოდ, მამია ძალიან ტაქტიანი და განსაკუთრებული ადამიანი იყო.

-გახსოვს ის დღე, როცა მამია ალასანიას დახვრეტის შესახებ შეიტყვეთ?

- ამის შესახებ ძალიან დიდხანს არ ვიცოდით, ანუ ხან გვეუბნებოდნენ, ცოცხალიაო, ხან -მკვდარიაო და ასე თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. შემდეგი ორი წელი კი, იმისთვის ვიბრძოდით, რომ როგორმე ცხედარი გადმოგვესვენებინა...

-მამია ალასანია, როგორც ვიცი, ჟიული შარტავას დაცვის უფროსი იყო, არა?

- არა, მამია ჟიულის ენათესავებოდა... ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია ადამიანური ერთგულების ფორმა, როცა ისეთი გამოცდილი სამხედრო,  როგორიც მამია იყო, რომელიც ავღანეთში იბრძოდა და კარგად იცოდა, ვთქვათ, კორიდორით როდის უნდა ესარგებლა, როდის დაეტოვებინა ბრძოლის ველი და როდის - არა, სხვა, მასავით ვაჟკაც ქართველებთან ერთად, ჟიული შარტავას გვერდით დარჩა.

 - ნათია, შენი აზრით, ამ მსხვერპლს შედეგი ჰქონდა?

- ნებისმიერი გმირობის მაგალითს, წაგებულ ომშიც კი, დიდი აზრი აქვს თაობების ეროვნული სიამაყისა და ღირსეული ერისშვილობის განცდის ჩამოყალიბებისთვის, თუმცა, პირადად ჩემზე ასეთი ამბები ძალიან მოქმედებს, რადგან ნებისმიერ მსხვერპლთშეწირვას საშინელ ტრაგედიად აღვიქვამ და მინდა, რომ არსად და არასოდეს სისხლი საჭირო არ იყოს და ქვეყნად მხოლოდ შრომის, მშვიდობისა თუ მეცნიერების გმირობა არსებობდეს.

-  ნათია, ადამიანებს მისტიკა გვიყვარს და აქედან გამომდინარე, თქვენს ოჯახს, როგორ ფიქრობ, მამიას სული ეხმარება?

- ყველა მისტიკური ირაციონალური ფრაზა რაციონალურს შეიცავს - როცა კარგი კაცის შვილი ხარ, იმდენი ღია კარი გხვდება, რომ ეს გარდაცვლილი მამის მფარველობაა.

ნათია, მამია ალასანია ოკუპანტებმა მოკლეს და აქედან გამომდინარე, პროტესტი არ გიჩნდება, რომ მის ვაჟს, პირდაპირ თუ ირიბად, პუტინთან კავშირს აბრალებენ, ანუ თუკი მამა ეროვნული გმირია, შეიძლება, რომ შვილი მტერთან ალიანსში იყოს?

-ასეთ უღირსობაზე პასუხის გაცემა არ მიყვარს, ჩემი საყვარელი ფრაზაა: იმით, რაც პეტრემ მითხრა პავლეზე, ბევრად მეტი გავიგე პეტრეზე, ვიდრე - პავლეზე, ანუ რაზეც ვლაპარაკობთ, ჩვენს თავზე უფრო მეტ ინფორმაციას გავცემთ, ვიდრე - იმაზე, ვისზეც ვლაპარაკობთ. ზედმეტი სიტყვიერი პასუხის გარეშე, უღირსობის და ცილისწამების მიმართ პროტესტს იმით გამოვხატავ, რომ ჩემი ოჯახი ოპოზიციაშია.

ისე, ვანო, რომელი გმირობის დაფასებაზე ლაპარაკობ: ქვეყანაში, სადაც ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს სახელმწიფო ნაძირალებსა თუ ნარკომანებს უწოდებს, როცა ვეტერანებს, რომლებიც წამლის ფულს ითხოვენ, სახელმწიფო სცემს, რაზეა ლაპარაკი?! ომის სინდრომის მიზანმიმართულად გაღვივება ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.

 ანუ, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება მიზანმიმართული პოლიტიკაა?

- რა თქმა უნდა, ეს სიძულვილის პოლიტიკაა, რომ ღირებული და ნამდვილი არაფერი არსებობდეს.

- ნათია, მწერლის შვილი და, შესაბამისად, სხვა ღირებულებებზე გაზრდილი ხარ. ერთხელ, ჯანსუღ ჩარკვიანმა მიამბო, ცისკარში თვალი პატიოსანი“  რომ გამოქვეყნებულა, ჯანსუღისთვის ცეკა-დან დაურეკავთ და უთქვამთ, ფანჯიკიძე უნდა დაისაჯოსო. ჯანსუღს უპასუხია, გურამი რა შუაშია, ჟურნალში მე გამოვაქვეყნეო. გურამ ფანჯიკიძესთანაც დაურეკავთ და მამაშენს უპასუხია, ჯანსუღი რატომ უნდა დაისაჯოს, თვალი პატიოსანი მე დავწერეო... მოკლედ, ნათია, იოტისოდენადაც რომ ფიქრობდე, ოცნება რუსული პროექტია, ირაკლის აიძულებდი, რომ ოცნება დაეტოვებინა?

- რა თქმა უნდა, თუმცა ასე რომ იყოს, ირაკლის ჩემი თქმაც არ დასჭირდებოდა. არ მინდა, პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ირაკლიმ ქვეყანა გაყიდოს და ისეთ გზაზე დადგეს, რომელიც ქვეყანას ბოროტებას მოუტანს!

- ...ნათია, ამბობენ, რომ ადამიანებს ზოგჯერ ერთმანეთი ბეზრდებათ. შენ და ირაკლი ძალიან დიდი ხანია, ერთად ხართ. გქონიათ მომენტი, როცა ერთმანეთი დაგიღლიათ?

- ვანო, უფრო ლოდინისგან დავიღალე, ვიდრე მისი სიახლოვისგან, რადგან ირაკლი ხშირად წასულია. ირაკლისთვის ისიც მითქვამს, რომ მისი თავგადასავლებით დავიღალე.

- ის, რაც დღეს ხდება, ანუ ირაკლის ზუგდიდის მაჟორიტარობა, მორიგი თავგადასავალია?

-საერთოდ, მთელი ცხოვრებაა თავგადასავალი და, უბრალოდ, კადრები იცვლება. ირაკლი კი, თავის ცხოვრებაში ძალიან ბევრ კადრს სცვლის.

 - ეს კარგია თუ ცუდი?

ცხოვრების ინტენსივობიდან გამომდინარე, კარგია. ასეთი ადამიანები უფრო საინტერესოდ ცხოვრობენ.

- ნათია, ირაკლი ალასანია, თავისი ევროპულ-ამერიკული იმიჯის მიუხედავად, ტიპური ქართველია?

- კი, რა თქმა უნდა, და, მაგალითად, სტუმარს „შორტებით“  არასდროს დახვდება.

ქართული სუფრა და ქეიფი უყვარს?

_-უყვარს, მაგრამ მისი ცხოვრების წესი ვერაა...

ირაკლი მკაცრი ქმარია, ანუ რაღაცებს გიკრძალავს?

- არა.

-  სახლი შენი გემოვნებითაა მოწყობილი თუ ირაკლისი? ისე, თვალშისაცემად ძვირადღირებულს ვერაფერს ვხედავ...

- სახლი მთლიანად ჩემი დიზაინითაა მოწყობილი და ამიტომაცაა ჭრელა-ჭრულა. რაც შეეხება ძვირადღირებულ ნივთებს, ამ სახლში ყველაზე ძვირადღირებული ღუმელია _ ერთდროულად სამ კერძს ამზადებს...

 - ნათია, შენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, საცხოვრებლად ამერიკაში დარჩებოდა, მით უმეტეს, რომ შენი ვაჟი იქ სწავლობს და შენც კარგი სამსახური გქონდა. საქართველოში რატომ დაბრუნდი?

- მართალია, ეს სამსახური ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამუდამოდ სადმე დარჩენა არასოდეს მიფიქრია. ნიკუშა ახლა მესამე კურსზეა, იურიდიულზე სწავლობს და, სწავლას რომ დაამთავრებს, აუცილებლად საქართველოში დაბრუნდება. ნიკუშა სრულიად ქართველია და ვერაფერზე: ვერც აქცენტზე, ვერც იუმორზე შეატყობ, რომ ამერიკაში ცხოვრობს.

- ნათია, 1 ოქტომბერს სად იქნები?

-ზუგდიდში.

-ანუ, თბილისში შენი ხმა გაყალბდება?

- არა, რადგან ზუგდიდში გადავეწერები და, მართალია, მაჟორიტარისთვის ხმის მიცემის უფლება არ მექნება, მაგრამ ხმას „ოცნებას“ მივცემ.

 - იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები გაყალბდება, ბარიკადებზე გიხილავ?

-თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, მე რა უფლება მექნება, რომ შინ დავრჩე?

-  ნათია, რა ამის პასუხია და, როგორი დედა ხარ? სხვათა შორის, გამიკვირდა, რომ ეკა, რომელიც 16 წლისაა, შინიდან დაცვის გარეშე წავიდა. ამ გადარეულ ქვეყანაში არ გეშინია?

- შფოთვა ყველა დედას აქვს და, მგონი, არ არსებობს დედა, რომელიც შვილის შინ დაბრუნებამდე დაიძინებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი შვილების შეზღუდვა და მათში პარანოიდული განცდების, ან ფუჭი გამორჩეულობის შეგრძნების გაღვიძება ვერ წარმომიდგენია.

-  საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგალითად, ყვითელი მარშრუტკით დადიხარ?

-„მარშრუტკით“ არა, მაგრამ ძირითადად ე.წ. სამლარიანი ტაქსით დავდივარ.

-  ნათია, იცი, რა მაოცებს? - მუდმივად ცდილობ, რომ ყველა ადამიანში მხოლოდ კარგი დაინახო. ოდესმე გიჭორავია?

- ჭორები მომისმენია, მაგრამ არ მიჭორავია. ჭორების მიმართ ყოველთვის ინერტული ვიყავი...

- საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზუგდიდში იცხოვრებ?

- სიხარულით ვიცხოვრებ! ზუგდიდელ ქალებს ულამაზესად აქვთ გაფორმებული ეზოები ყვავილებით და ლამაზი მცენარეებით, ვეხუმრები ხოლმე, ირაკლის მამის სახლს გავარემონტებ, მერე, ეზოს მივხედავ და შევეჯიბროთ ყვავილების სიმრავლეში-მეთქი. ვაჩვენებ, ვინ იქნება ყველაზე ძლიერი ფლორისტი!

-  ნათია, რა არის შენთვის ზუგდიდი?

 ზუგდიდი ჩემი შვილების ისტორიაა! დედაჩემი მარტვილელია, სტუდენტობისას კი, მთელი სამეგრელო ფეხით მაქვს შემოვლილი. სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდი ძალიან უსიხარულო ქალაქია, არც ახალგაზრდების ჟრიამული ისმის და ქალაქი საღამოობით ცოტა სევდიანი ხდება...

 - ირაკლი ალასანია, როგორც მაჟორიტარი, შეძლებს, რომ ზუგდიდს სიხარული დაუბრუნოს!

- ირაკლი ამას აუცილებლად შესძლებს, ამას მამამისს მიუძღვნის და აუცილებლად „გავაზაფხულებთ, რაც იქცა თოვლად“. ირაკლის მთავარი იდეის შესრულება, ანუ აფხაზეთის პრობლემის მოგვარება სწორედ ზუგდიდიდან დაიწყება!

- მაშასადამე, ზუგდიდი ირაკლის ბედისწერაა?

-ასე გამოდის...

 - ნათია, მოდი, რეზიუმესავით მითხარი, ირაკლი ალასანიას მთავარი ღირსება რა არის?

- სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა!