ფილარმონიასთან მყოფი აქციის მონაწილეები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ, 15:00 საათისთვის სახელმწიფო კანცელარიასთან მსვლელობას გამართავენ.
აქციაზე მყოფ ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორის, შორენა შავერდაშვილის განცხადებით, ფილარმონიასთან გამართულ აქციას სტუდენტებისა და პატიმართა ის ჯგუფი შემოუერთდება, რომლებიც პატიმართა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს გმობენ და აპროტესტებენ.
შავერდაშვილის თქმით, ისინი მთავრობის კანცელარიასთან მაღალი თანამდებობის პირების თანამდებობიდან გადაყენებას ერთობლივად მოითოვენ.
„ვაპროტესტებთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს. ვიდეო, რომლებიც გავრცელდა, შემზარავი სანახავია, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტები არაა. სხვა უამრავი ფაქტი არსებობს, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშში დოკუმენტირებულია“, - განაცხადა შავერდაშვილმა.