კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფებოდა და მიიჩნევს, რომ კოალიციამ ამ მნიშვნელოვან მოვლენაში სათანადო მონაწილეობა მიიღო.
შეკითხვის პასუხად, ივანიშვილის ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე არ დასწრება ნიშნავდა, თუ არა პატრიარქის ინიციატივის უგულებელყოფას, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მის უწმინდესობას და ბიძინა ივანიშვილს სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა და რეგულარული კავშირები აქვთ.
„ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, ძალიან ბევრ საკითხზე საუბრობენ. აქედან გამომდინარე რაიმე ფორმით იმის დაშვება, რომ ივანიშვილი არ გამოეხმაურა პატრიარქის მოწოდებას, სრულიად უადგილოა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე ბიძინა ივანიშვილის არ დასწრება არც რაიმე სახის რიდი და არც სააკაშვილისთვის თავი არიდების მცდელობა არ იყო.
„იგი იქ წავა, სადაც საჭიროდ ჩათვლის და ეს არაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვისთან მოუწევს შეხვედრა, გამარჯობის თქმა თუ ხელის ჩამორთმევა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.